„ქართული ოცნება“ სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც მათი თქმით, კანონდარღვევით იყო მიღებული
„ქართული ოცნება“ სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვს, რომლებიც მათი თქმით, კანონდარღვევით იყო მიღებული

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სენაკის ორგანიზაციამ სასამართლოს მიმართა. ისინი ითხოვენ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას. განცხადება ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დღევანდელ ბრიფინგზე გაკეთდა.

როგორც ბრიფინგზე განაცხადეს, საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა კანონმდებლობის დარღვევით მიიღეს სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა და ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნიკო შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებები.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებას 17 წევრი სჭირდებოდა კვორუმისთვის, თუმცა მათი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ 16 ხმით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

როგორც სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა საბა ოდიშარიამ აღნიშნა, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრია და 9 თებერვლის სხდომას 16 წევრი ესწრებოდა.

„როგორც ცნობილია, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები 9 თებერვალს შეიკრიბნენ და მიუხედავად იმისა, რომ არ იყო კანონით გათვალისწინებული კვორუმი – 17 წევრი უნდა ყოფილიყო და ესწრებოდა 16 წევრი, კანონის უხეში დარღვევით მიიღეს არამარტო ქართული სამართლისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილებები.

თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით გათვალისწინებული 17 წევრის ნაცვლად, 16 წევრის მონაწილეობით გადაირჩიეს დროებითი ხმის დამთვლელი და სამანდატო კომისია. ასევე, აღიარეს ოპოზიციონერი წევრის ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ სარჩელით მივმართავთ სასამართლოს, რათა გაუქმდეს 9 თებერვლის სხდომაზე მიღებული ყველა ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილება. ამასთანავე, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული პარტიები აპირებენ პოლიტიკურ ქორწინებას და მათ გადაწყვიტეს, გააგრძელონ აღნიშნული სხდომა. კანონის უხეში დარღვევის გამო, ჩვენ დღეს დილითვე მივმართეთ სასამართლოს და მოვითხოვეთ სარჩელის განხილვამდე დაკმაყოფილდეს დროებითი ღონისძიების სახით საკრებულოს ყველა ეგრეთ წოდებული გადაწყვეტილების შეჩერება. მივმართავთ სასამართლოს, კანონით დადგენილ ფარგლებში იმსჯელოს ჩვენს განცხადებაზე. არ მისცენ ოპოზიციურ ჯგუფებს საშუალება, დაამკვიდრონ კანონდარღვევის პრაქტიკა“, – განაცხადა საბა ოდიშარიამ.