„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სენაკის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, გაუქმდა სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები და შესაბამისად, ანულირებულია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი
„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სენაკის სასამართლოს დღევანდელი განჩინებით, გაუქმდა სენაკის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებები და შესაბამისად, ანულირებულია საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის საკითხი

სენაკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა „ქართული ოცნების“ სენაკის ორგანიზაციის წარმომადგენლების სარჩელი, რომლებიც სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 9 თებერვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას ითხოვდნენ. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ უკვე ჩაბარდათ საკითხთან დაკავშირებით მოსამართლის შესაბამისი განჩინება.

„შეჩერდეს 2022 წლის 9 თებერვალს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მიღებული შემდეგი გადაწყვეტილებები: 1. სამანდატო დროებითი კომისიის (ბორის სოსელია, ბესიც ნარმანია, ედიშერ ბაღათურიას) არჩევის შესახებ; 2. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის (მირანდა მირცხულავა, მაია ფირცხალავა, ნინო ტყებუჩავა) არჩევის შესახებ; 3. სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის – ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილების ცნობად მიღების შესახებ.

განჩინება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად“, – აღნიშნულია განჩინებაში.

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ანულირებულია საკრებულოს დღევანდელი სხდომაც და სხდომის მიმდინარეობისას მიღებული გადაწყვეტილებები. დღეს ოპოზიციამ საკრებულოს ახალი თავმჯდომარე აირჩია.

პარტიაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ საკრებულოს ოპოზიციურმა პარტიებმა კანონმდებლობის დარღვევით მიიღეს სამანდატო და ხმის დამთვლელი კომისიების გადარჩევისა და ასევე პარტია „საქართველოსთვის“ წევრის ნიკო შამათავას უფლებამოსილების ცნობის შესახებ გადაწყვეტილებები. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებების მიღებას 17 წევრი სჭირდებოდა კვორუმისთვის, თუმცა მათი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და პარტიამ „საქართველოსთვის“ 16 ხმით მიიღეს ეს გადაწყვეტილება. როგორც სენაკის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა საბა ოდიშარიამ აღნიშნა, სენაკის საკრებულოში სულ 33 წევრია და 9 თებერვლის სხდომას 16 წევრი ესწრებოდა.