მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიებთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ
მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიებთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიებთან ერთად მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია სენაკის საკრებულოში მომხდარის გამართლებას ცდილობს, თუმცა „უარესი საოცრება“ ითქვა.

„სენაკში იმ საოცრების გასამართლებლად, რაც დასაწყისში გააკეთეს, უარესი საოცრება თქვეს, ანუ პირველი სხდომა გრძელდებოდაო. აქ ერთი იურიდიული ნიუანსია, პირველი სხდომა თუ გრძელდებოდა, მაშინ უფლებამოსილების ცნობას ცნობად მიღება კი არ უნდა, კენჭისყრა უნდა, ეს ერთი. მეორე – რა გამოდის, რომ მსოფლიოში ახალი პრაქტიკა მკვიდრდება, რომლის თანახმად, კვორუმი საჭირო არ არის და ერთ და ორ ადამიანსაც შეუძლია, გააგრძელოს სხდომა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი, 11 ადამიანს შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს. ანუ ერთი ადამიანი რომ შეიპაროს საკრებულოში და საკუთარ თავს უთხრას, სხდომას ვაგრძელებო, მათი ლოგიკით, ესე იგი სხდომა გაგრძელდება, ეს ადამიანი გაიტანს საკითხებს, იმსჯელებს, თავის თავს მოუწოდებს რაღაცისკენ, აქეთ, იქით, შემდეგ, კენჭისყრა რომ დასჭირდება, 10 ადამიანს დაიმატებს და გადაწყვეტილებებსაც მიიღებს – წარმოუდგენელი აბსურდია. კიდევ უფრო სერიოზულად რომ ვთქვათ და ამაზე არ ვიხუმროთ, მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, სადაც კვორუმს არ აღიარებენ. კონკრეტული ორგანო გადაწყვეტილებაუნარიანია მაშინ, როდესაც კვორუმი არის. ეს კვორუმი არის კანონით დადგენილი ნახევარზე მეტი. ახლა, რომ ლაპარაკობენ, პირველი სხდომა გრძელდებოდა და ა.შ. გრძელდებოდა რა, ფუნთუშის საჭმელად ხომ არ გავიდნენ და შემდეგ დაბრუნდნენ? იმასაც არ შეიძლება, მხოლოდ ერთი, ორი ან ხუთი ადამიანი ესწრებოდეს, ხომ? უფლებამოსილი რომ იყოს სხდომა, ამას სჭირდება კვორუმი და ამ მსოფლიო სამართლის სტანდარტის ახალ გადაწყვეტას გვთავაზობენ „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გახარიებთან ერთად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.