ქართული ღვინო გინესის მსოფლიო რეკორდებში შევიდა. ამის შესახებ ორგანიზაციის ვებგვერდი იუწყება.
„საქართველოში, თბილისიდან 50 კილომეტრით სამხრეთით, არქეოლოგიურ ძეგლ შულავერის გორასა და გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი უძველესი კერამიკის ნაშთები შეიცავს ძვ. წ. 6000-5800 წლებით დათარიღებული ღვინის ქიმიურ მტკიცებულებას. კერამიკა გაჟღენთილია ღვინის მჟავით, რომელიც დიდი რაოდენობით შედის ახლო აღმოსავლეთში მოწეულ ევროპულ ყურძენში (Vitis vinifera), რომლისგანაც ეს ღვინო იყო დამზადებული. გარდა ამისა, ღვინის მტკიცებულებებს ადასტურებს აღმოჩენილი სხვა ორგანული მჟავებიც (ვაშლის, ლიმნისა და ქარვის), რომლებიც ასევე შედის ევროპული ყურძნის შემცველობაში“, — წერია გინესის მსოფლიო რეკორდების ვებგვერდზე.
„ღვინის ნაშთები აღმოჩენილია დიდი მოცულობის დოქებში, რომლებსაც სავარაუდოდ, ფერმენტაციის, დაძველებისა და შენახვისთვის იყენებდნენ. ამ აღმოჩენამდე, ქიმიურად იდენტიფიცირებული უძველესი ღვინო ნაპოვნი იყო ირანში, ჰაჯი-ფირუზ-ტეპეს არქეოლოგიურ ძეგლზე; თარიღდება ძვ. წ. 5400-500 წლებით. საქართველოში აღმოჩენილი ნაშთები 600-1000 წლით უფრო ძველია და მიუთითებს, რომ ღვინის წარმოება და შესაძლოა მევენახეობაც, ამ ადგილას ჯერ კიდევ 8000 წლის წინ ყვაოდა“.
აღმოჩენა ეკუთვნის პენსილვანიის უნივერსიტეტის არქეოლოგიისა და ანთროპოლოგიის მუზეუმის მოლეკულურ არქეოლოგს, პროფესორ პატრიკ მაკგოვერნს, რომელიც ავტორია კვლევისა სახელწოდებით „საქართველოს ადრეული ნეოლითის ღვინო“.
აღნიშნული კვლევა 2017 წლის 13 ნოემბერს, გავლენიან სამეცნიერო ჟურნალ Proceedings of the National Academy of Sciences (PNAS)-ში გამოქვეყნდა. მკვლევართა ჯგუფში ასევე შედიოდნენ მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, აშშ-დან და დანიიდან.