ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი - გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ რეპეტიტორი და კიდევ სხვა დამატებითი ფუნქციები მაქვს, რადგან ხელფასი, რომელსაც სკოლაში ვიღებ, საკმარისი არ არის
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა მგალობლიშვილი - გარდა იმისა, რომ პედაგოგი ვარ, ვარ რეპეტიტორი და კიდევ სხვა დამატებითი ფუნქციები მაქვს, რადგან ხელფასი, რომელსაც სკოლაში ვიღებ, საკმარისი არ არის

გარდა იმისა, რომ მე პედაგოგი ვარ, ვარ რეპეტიტორი და კიდევ სხვა დამატებითი ფუნქციები მაქვს, რადგან ხელფასი, რომელსაც სკოლაში ვიღებ, საკმარისი არ არის, – ამის შესახებ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახ. სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა, ნანა მგალობლიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.

„ხელფასი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. მე ვთვლი, რომ, ამის მიუხედავად, შრომას არ ვაკლებ სასკოლო ოთახში, მაგრამ იცით, ეს რა ძალისხმევის ფასად მიჯდება? გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სკოლის და მასწავლებლის მეტი ავტონომიურობა. ზოგჯერ რაღაცები ზედმეტად არის გაწერილი, დაგეგმილი და რაღაც დირექტივებია მოწოდებული. ჩემს მოსწავლეს რა სჭირდება და კლასს სწავლის როგორი სტილი აქვს, ეს ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის და ეს რაღაც ზედმეტი გეგმები და დავალებები არ არის საჭირო. მეტი ნდობაა საჭირო მასწავლებლის. მე თუ მენდობით, შემდეგ მეც გენდობით თქვენ“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

ამ განცხადებით ნანა მგალობლიშვილმა გადაცემაში სტუმრად მყოფი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის შეკითხვას უპასუხა, რა წამახალისებელი მექანიზმებია საჭირო იმისთვის, რომ მასწავლებელს ჰქონდეს მეტი დამოუკიდებლობა, შემოქმედებითობა და რა არის ისეთი, რაც ამაში უშლის ხელს მასწავლებელს.

ნანა მგალობლიშვილმა ასევე განაცხადა, რომ როდესაც მასწავლებელი პრობლემებზე საუბრობს, ის სისტემამ არ უნდა განიხილოს, როგორც საშიში და ბრძოლა არ უნდა გამოუცხადოს.

„ასეთი მასწავლებელი შეგიქმნით სტანდარტულ გარემოს. მე მაქვს ურთიერთობა ახალ თაობასთან და ვიცი, როგორი საოცარი ადამიანები არიან ეს ბავშვები, ისინი სტანდარტულ გარემოში არ გაგიჩერდებიან და აუცილებლად დაიწყებენ ალტერნატიული სივრცის ძებნას; სკოლას საგანმანათლებლო-აღმზრდელობითი ფუნქცია აღარ ექნება, თუ ის ორიენტირებული არ იქნება ცვლილებასა და განვითარებაზე და მას მხოლოდ სოციალური სახლის როლი დარჩება, სადაც მასწავლებელი ცოტა ხანი შეაფარებს ბავშვს“, – განაცხადა მგალობლიშვილმა.

მინისტრს მოადგილემ ნანა მგალობლიშვილს ჰკითხა, გრძნობს თუ არა ის თავს ასე თავის სკოლაში, როგორც მასწავლებელი, რაზეც ნანა მგალობლიშვილმა უპასუხა, რომ ის პირადად ისეთი ტიპაჟია, რომელსაც ვინმე ასე ადვილად ვერ გატეხს.

„აი, რისი თქმა მინდა – რამდენიმე თვის წინ კრიტიკული აზრი გამოვთქვი იმასთან დაკავშირებით, საქართველოში ძალადობრივი გარემოა შექმნილი-მეთქი, ადამიანებს რომ დასდევდნენ ქვებით და სცემდნენ. ტექსტის ინტერპრეტაციის საშუალება ყველას აქვს, ხომ?! იმიტომ, რომ სიტყვა თავისუფალია. ამას მოჰყვა ისეთი რეაქცია ტროლებისგან და ბოტებისგან, რომ ლამის თვითმკვლელობამდე მიმიყვანეს. ანუ, რატომ არ უნდა შემეძლოს მე, მასწავლებელს, ამის თქმა? რა თქმა უნდა, მე მტერი არ ვარ. მასწავლებელი ჰუმანისტური იდეალების მატარებელი უნდა იყოს, ხომ?“ – განაცხადა მგალობლიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ, რა თქმა უნდა, ადამიანის ფუნდამენტური უფლება უნდა იყოს დაცული და დღეს ქვეყანაში ნამდვილად არის შექმნილი ისეთი ვითარება, რომ ადამიანმა საკუთარი აზრი ნებისმიერ სივრცეში თავისუფლად დააფიქსიროს.