ქართულ ენაზე და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი წიგნი „ჭადრაკი ყველასთვის“ გამოიცა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დავით ჯოჯუას საჭადრაკო სკოლიდან წიგნის „ჭადრაკი ყველასთვის“ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართა. როგორც ავტორები აცხადებენ, საქართველოში ბრაილის შრიფტით გამოცემული საჭადრაკო სახელმძღვანელო პირველად გამოიცა.
ავტორების, საერთაშორისო დიდოსტატების სალომე მელიასა და დავით ჯოჯუას თქმით, შშმ პირებისთვის განკუთვნილი საჭადრაკო სახელმძღვანელო საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ბიბლიოთეკას, უსინათლოთა კავშირსა და იმ ორგანიზაციას გადაეცემა, სადაც ამის მოთხოვნა იქნება.
გარდა ბრაილის შრიფტისა, სახელმძღვანელო დაიბეჭდა მხედრული შრიფტით, რომელიც მისაღებია ნებისმიერი ასაკისა თუ სტატუსის მქონე მკითხველისთვის.
წიგნის რეცენზენტები არიან მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი მაია ჩიბურდანიძე და პროფესორი ვეფხვია ოდიშარია.