საქართველოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით გამოიცა
საქართველოს კონსტიტუცია ბრაილის შრიფტით გამოიცა

საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს პროექტის „კონსტიტუცია უსინათლოთათვის“ პრეზენტაცია გაიმართა. პროექტის ფარგლებში საქართველოს კონსტიტუცია და მასში განხორციელებული ცვლილებები ბრაილის შრიფტით დაიბეჭდა, რაც უსინათლოებისთვის ქვეყნის მთავარი კანონის შინაარსის გაცნობის საშუალებაა. კონსტიტუცია გამოიცა ასევე აუდიო წიგნის სახით.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ დღეს როგორც ნაბეჭდი ვერსია, ასევე აუდიო ვარიანტი უსინათლოთა კავშირის წევრებს გადასცა.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ინიციატივით, განხორციელდა საქართველოს კონსტიტუციის დაბეჭდვა ბრაილის შრიფტით. ასევე, პირველად საქართველოში, ჩაიწერა და გამოიცა საქართველოს კონსტიტუცია აუდიო წიგნის სახით. დღეს კი, ჩვენ  გვაქვს პატივი, უსინათლოთა კავშირის თავმჯდომარესთან, ბატონ რევაზ მაისურაძესთან და მის წევრებთან ერთად საზოგადოებას წარვუდგინოთ საქართველოს კონსტიტუციის აღნიშნული გამოცემა, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ძირითადი კანონის ხელმისაწვდომობის გაზრდას საზოგადოებაში. კერძოდ, უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობის გზით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გაეცნონ საქართველოს კონსტიტუციის შინაარსს”,-განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, ზაზა თავაძემ.

კონსტიტუციის აუდიო ვერსია ჩამოტვირთვის ფუნქციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეც განთავსდება და  ყველა დაინტერესებული პირისთვის ხელმისაწვდომი იქნება.