ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტითაც გამოიცემა
ინტერრელიგიური კალენდარი ბრაილის შრიფტითაც გამოიცემა

ინტერრელიგიურ კალენდარს ახალი ფორმატი დაემატა – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კალენდარს უკვე ბრაილის შრიფტითაც გამოსცემს. გამოცემის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. მას უსინათლოთა კავშირის, 202-ე სკოლა-პანსიონისა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარის ზაზა ვაშაყმაძის განცხადებით, ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი კალენდარი ყოველწლიურად გამოიცემა და მხედველობადაქვეითებულ და მხედველობის არმქონე პირებს საშუალება ექნებათ, საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიისა და მათი დღესასწაულების შესახებ ინფორმაცია მიიღონ.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სააგენტო წარმოადგენს ბრაილის შრიფტით კალენდარს. ვპირდებით საზოგადოებას, რომ ამას მიეცემა ყოველწლიური ხასიათი. სააგენტო განიხილავს ამას, როგორც სოციალურ პროექტს, რომელიც აუცილებელია, ერთი მხრივ, ვალდებულების, მეორეს მხრივ, მორალური კრიტერიუმებით, რომ უსინათლოებს, როგორც ამ ქვეყნის სრულფასოვან მოქალაქეებს, სრული წვდომა ჰქონდეთ ინფორმაციაზე“, – განაცხადა ზაზა ვაშაყმაძემ.