ქარსაფარი ზოლების მოწყობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა
ქარსაფარი ზოლების მოწყობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა

საქართველოში ქარსაფარი ზოლების მოწყობასთან დაკავშირებით ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა. საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტით განისაზღვრება ქვეყანაში ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკა; დგინდება ქარსაფარი ზოლების აღდგენასთან, გაშენებასთან, მოვლასთან და დაცვასთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობები.

ცვლილებების თანახმად, მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებაზე პასუხისმგებელ ორგანოდ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო განისაზღვრება, რომელიც სპეციალური მოკვლევისა და ინვენტარიზაციის შედეგების შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებებს.

პროექტით განიმარტება, რომ ქარსაფარი ზოლი შეიძლება, იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში და იგი განუყოფელია მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლებისგან.

„1990-იანი წლებიდან, ენერგეტიკული კრიზისის გამო, ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ქარსაფარი ზოლები თითქმის მთლიანად გაიჩეხა ადგილობრივი მოსახლეობის მიერ. ქარსაფარ ზოლებში ხეების მოჭრა საშეშედ დღემდე გრძელდება. ქვეყნის მასშტაბით გაჩეხილია ქარსაფარი ზოლების დაახლოებით 90 პროცენტი, რაც უარყოფით გავლენას ახდენს ნიადაგის ნაყოფიერებასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობაზე. ქარსაფარი ზოლების გაჩეხვის გამო მნიშვნელოვნად გაძლიერდა ნიადაგის ქარისმიერი ეროზია. დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც საფრთხეს უქმნის ქარსაფარ ზოლებს, არის მოსავლის ნარჩენების დაწვის პრაქტიკა, რაც, თავის მხრივ, იწვევს ხანძრებს და ქარსაფარი ზოლების გადაწვას. 2015 წლის აგვისტოსა და ივლისში გავრცელებული ხანძრების შედეგად, საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში (კახეთი, შირაქი) გადაიწვა სახნავ-სათესი მიწების 80 პროცენტი, მათ შორის, ქარსაფარი ზოლები. დაიწვა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების დახმარებით აღდგენილი ქარსაფარი ზოლის დიდი ნაწილი, დაახლოებით 60 კილომეტრზე გაშენებული ახალი ქარსაფარი. აღმოსავლეთ საქართველოში სახნავი მიწების 20 პროცენტზე მეტი, დაახლოებით 110 ათასი ჰექტარი, ქარისმიერი ეროზიისგან არის დეგრადირებული. ბოლო 50 წლის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა როგორც ძლიერი ქარების, ასევე გვალვების ინტენსივობა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.