ქარელის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად ოთხი სახლი დაიწვა
ქარელში, სოფელ ელბაქიანთკარში ხანძარი ლოკალიზებულია და სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ხანძრის ლოკალიზება მეხანძრე მაშველებმა სამ საათში შეძლეს, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილის, სიმონ გულედანის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ოთხი სახლი დაიწვა, თუმცა რა ფართობზე იყო ცეცხლი გავრცელებული, ჯერ უცნობია.
„ამ ეტაპისთვის ხანძარი უკვე ლოკალიზებულია, მომდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. ამ ეტაპისთვის საშიშროება ხანძრის გავრცელების არ არის. ჩართული იყო სახანძრო სამუშაოებში ათზე მეტი სახანძრო ტექნიკა, ასევე 50-ზე მეტი მეხანძრე მაშველი, ადგილზე იმყოფებოდა ყველა შესაბამისი სამსახური. რა ფართობია დამწვარი, დასადგენია. ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ გვეცოდინება რა ტერიტორიაა დამწვარი. ოთხი სახლია დამწვარი, დაზიანებული არავინ არ არის. ვინც ცხოვრობდა სახლებში, ისინი არიან გადაყვანილები. მიზეზს შესაბამისი ორგანოები დაადგენენ“, – განაცხადა რწმუნებულმა.