ქარელში დევნილთა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე 50 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს სააგენტოს დირექტორმა, ბესარიონ სიმონიშვილმა, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, მამუკა საღარეიშვილმა, ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ზაზა დუგლაძემ და დანიის ლტოლვილთა საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის პროგრამების ხელმძღვანელმა, ნინო ხოხობაიამ.
„გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, გარდა ქარელისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, დევნილთა დასახლებებში ექვსი ახალი საბავშვო ბაღი შენდება და დამატებით, ერთ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას რეაბილიტაცია უტარდება. საბავშვო ბაღების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები 2021 წელს დასრულდება.
გერმანიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტს ლტოლვილთა დანიის საბჭო, საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში, ახორციელებს“,- აღნიშნულია დევნილთა სააგენტოს ინფორმაციაში.