მამაკაცი, რომლის უკანონოდ დაკავება გუშინ ქარელის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი
მამაკაცი, რომლის უკანონოდ დაკავება გუშინ ქარელის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

ერთ-ერთი პირი, რომლის უკანონოდ დაკავება გუშინ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა სცადეს, სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც მამაკაცის მეუღლემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიღებული.

მისივე თქმით, მან და მისმა მეუღლემ ე.წ. საზღვართან დაკავების მცდელობისას თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწიეს.

ამასთან, დაზარალებული მამაკაცის მეუღლე გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ პოლიციის თანამშრომლების გამოჩენისთანავე რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ტერიტორია სწრაფად დატოვეს.

„საქონელს ვაძოვებდით, რა დროსაც ორი რუსი ოკუპანტი თავს დაგვესხა და ჰქონდათ მცდელობა, გავეტაცებინეთ. ჩვენ გამოვიქეცით, საკმაოდ ბევრი ვირბინეთ და ამის შემდეგ ჩემი მეუღლე დაიჭირეს, წააქციეს და ცდილობდნენ, ხელები შეეკრათ, ფეხებთანაც ორჯერ გვესროლეს. ვყვიროდი, რომ ჩვენთვის მეზობლებს ეშველათ. ხმაზე ხალხი გამოვიდა, მაგრამ ახლოს ვერავინ მოვიდა, ვერავინ დაგვეხმარა. ამასობაში გამოჩნდა ჩვენი პოლიციაც და პოლიციის დანახვისთანავე ორივე გაიქცა. მეუღლე ცუდად არის, თავში კონდახი აქვს ჩარტყმული“, – განაცხადა მამაკაცის მეუღლემ.

მისივე თქმით, ის და მისი მეუღლე ინციდენტის დროს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„ჩვენ ისეთ ტერიტორიაზე ვიდექით, რომ იმის იქით კიდევ გვქონდა ნებართვა, შეგვეძლო გადასვლა, მაგრამ თავდაცვის მიზნით, რომ არაფერი შეგვმთხვეოდა, ბევრად აქეთ ვიდექით, მაგრამ ისინი დაგვედევნენ“, – განაცხადა დაზარალებულმა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვრინისის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავება სცადეს. მათივე ცნობით, „აღნიშნული მძიმე ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი. ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს“.