ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა
ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა.
ინფორმაციას გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია ავრცელებს.
ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.
„ამ სიმბოლური ჟესტით საქართველოს დედაქალაქი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.
კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს. კამპანიაში მონაწილეობის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს.
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.
წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა და გოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაერო-ს სისტემასა და ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათა უფრო ცხადად გამოკვეთოს, თუ რაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.