ქალაქ გაბალაში სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს
ქალაქ გაბალაში გამართულ შეხვედრაზე აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერა გამოუცხადეს. აზერბაიჯანული სააგენტო „ონას“ ცნობით, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაკირ ჰასანოვმა განაცხადა.
მან საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას წარმატებული უწოდა. როგორც ჰასანოვმა აღნიშნა, ისევე, როგორც სხვა სფეროებში, სამი მეზობელი ქვეყანა წარმატებით განაგრძობენ თანამშრომლობას თავდაცვის სფეროშიც.
„გასულ წელს თურქეთში გაფორმდა მემორანდუმი. ამ მემორანდუმის შესაბამისად, ჩვენს სამმხრივ შეხვედრებს სამართლებრივი საფუძველი დაედო. განხილულ იქნა საკითხები, რომლებიც სამმხრივი თანამშრომლობის გეგმაში შედის. სამივე მხარე მხარს უჭერს თურქეთის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. შეხვედრაზე ასევე მხარდაჭერა გამოუცხადეს აზერბაიჯანისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, მსურს აღვნიშნო, რომ სამხედრო თანამშრომლობაში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ერთობლივი სამხედრო წვრთნები. მაგალითად, 2018 წელს თურქეთთან შვიდი ერთობლივი წვრთნა ჩავატარეთ. 2019 წელს ვგეგმავთ 13 ერთობლივი სწავლების გამართვას“, – განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა, ზაკირ ჰასანოვმა.
მინისტრის თქმით, გაბალაში გამართულ შეხვედრაზე თურქეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს აღნიშნულ წვრთნებში ჩართვა შესთავაზეს.
„შეხვედრაზე ჩვენ მოვიწვიეთ ქართული მხარე, შეუერთდეს ამ წვრთნებს. ნატო-ს ხაზით საქართველოში ჩატარდა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სწავლება. ამასთან, წარმატებული წვრთნა ჩატარდა საქართველოს სამთო საწვრთნელ ცენტრში. მხარეებმა მსგავსი წვრთნების გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა ჰასანოვმა.