ქაბულში სასტუმროზე თავდასხმისას სავარაუდოდ, რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლეს
ქაბულში, სასტუმრო „ინტერკონტინენტალზე“ შეიარაღებული თავდასხმის დროს, რამდენიმე ათეული ადამიანი მოკლეს, – ამ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. თუმცა, ოფიციალურად ეს ცნობები არ დასტურდება.
„ბი-ბი-სი“-ს ინფორმაციით, სასტუმრო „ინტერკონტინენტალს“ თავს 4 მებრძოლი დაესხა. მათგან ორის ლიკვიდაცია უსაფრთხოების ძალების წევრებმა შეძლეს.
თავდასხმა ქაბულის დროით საღამოს 09:00 საათზე დაიწყო. ბოროტმოქმედებმა ცეცხლი სტუმრებს გაუხსნეს. ამის შემდეგ, შენობის მესამე სართულზე მდებარე სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა.
ადგილობრივი მედია წერს, რომ თავდასხმის დროს სასტუმროში საინფორმაციო ტექნოლოგიების თემაზე კონფერენცია იმართებოდა, რომელსაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც ესწრებოდნენ. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ბოროტმოქმედებს მძევლები ჰყავთ აყვანილი.
„ფრანს პრესის“ ცნობით, სტუმრების ნაწილი ოთახებში იმალება.
თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ავღანეთში აშშ-ის საელჩომ სასტუმროში მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა.