ქაბულის აეროპორტში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა
ქაბულის აეროპორტში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ქაბულის აეროპორტში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60-მდე პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ცენტრალური აზიის სახელმწიფოს დედაქალაქში, ჰამიდ ყარზაის სახელობის აეროპორტში აფეთქება ადგილობრივი დროით 17:00 საათზე, მას შემდეგ მოხდა, რაც აეროპორტში ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩავიდა. პოლიტიკოსი ქვეყნიდან იყო გაქცეული, ვინაიდან ეჭვმიტანილი იყო პოლიტიკური ოპონენტების წამებისა და გატაცების საქმეში.

ადგილზე მომუშავე სამართალდამცველების ინფორმაციით, თვითმკვლელი ტერორისტის სამიზნე აბდულ რაშიდ დუსტუმი იყო. ავღანეთის სპეცსამსახურის წარმომადგენლებმა რადიკალი შეამჩნიეს და პოლიტიკოსამდე მიღწევის საშუალება არ მისცეს, თუმცა ტერორისტმა ბომბის ამოქმედება მაინც მოასწრო. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

ეთნიკურად უზბეკი ვიცე-პრეზიდენტის, აბდულ რაშიდ დუსტუმის წინააღმდეგ არსებული საქმის გამო, 2017 წელს პოლიტიკოსი ავღანეთიდან გაიქცა და თავს თურქეთს აფარებდა. მის წინააღმდეგ ბრალდება ოფიციალურად არ წაუყენებიათ, თუმცა 2017 წლის მაისში გამოძიების დაწყების შემდეგ, პოლიტიკოსმა, სამართლებრივი დევნის თავიდან ასარიდებლად, ქვეყანა დროებით დატოვა. მაშინ დუსტუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ პოლიტიკოსი თურქეთში სამედიცინო კვლევის ჩასატარებლად წავიდა.