ადგილობრივი მედიის ცნობით, ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის მუშაობა განაახლა
ქაბულის საერთაშორისო აეროპორტმა შიდა და საერთაშორისო ფრენებისთვის მუშაობა განაახლა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ხაამა პრესი“ ავრცელებს.
ავღანეთის ეროვნულმა საავიაციო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აეროპორტი მუშაობს 12 საათის განმავლობაში, ძირითადად დილის 6:00 საათიდან საღამოს ექვს საათამდე.
ადმინისტრაციის წარმომადგენლების ცნობით, ქაბულის აეროპორტიდან პირველი კომერციული ფრენა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის მიმართულებით შესრულდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აეროპორტის ადმინისტრაცია ცდილობს, ტერმინალები ღამის ფრენებისთვისაც მოამზადოს.
ადმინისტრაციამ სთხოვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს, ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და სხვა ქვეყნებს, განაახლონ ფრენები ქაბულში, მაგრამ მათ თანხმობა ჯერჯერობით მხოლოდ პაკისტანიდან და ირანიდან მიიღეს.
აეროპორტის აღდგენაში მონაწილეობა ყატარიდან და თურქეთიდან ჩასულმა ტექნიკურმა ჯგუფებმა მიიღეს. ქაბულის აეროპორტს უკვე მხოლოდ თალიბები იცავენ, რომლებმაც ყოფილ თანამშრომლებს სთხოვეს, დაბრუნდნენ სამუშაოზე.