სენატორი კარდინი პუტინის მოქმედებების შესახებ ანგარიშში საქართველოზეც საუბრობს
სენატორი კარდინი პუტინის მოქმედებების შესახებ ანგარიშში საქართველოზეც საუბრობს

დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა წარადგინა ანგარიში სახელწოდებით „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“. 200-გვერდიან დოკუმენტში საქართველოზეცაა საუბარი. ანგარიში სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მოამზადეს.

„ამერიკის ხმის“ ცნობით, ეს ბოლო ოცი წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში პოლიტიკურ პროცესებში ჩარევისთვის კრემლის მიერ გამოყენებული სტრატეგიის და ტაქტიკის პირველი მასშტაბური კვლევაა.

„ეს საფრთხე წარმოიშვა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე და იარსებებს მას შემდეგაც, რაც მისი ადმინისტრაცია თავის მუშაობას დაასრულებს. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ფაქტობრივად უმოქმედოდაა, პუტინი კვლავ ავითარებს თავის ასიმეტრიულ არსენალს და ეძებს ბოლო 70 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპის მიერ შექმნილი დემოკრატიული და საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს“, – განაცხადა სენატორმა კარდინმა ანგარიშის წარდგენისას.

ამავე ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აშშ-ის ადმინისტრაციამ გააფართოვა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, დაამტკიცა საქართველოსა და უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების გადაწყვეტილება. ამის მიუხედავად, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ აშშ რუსულ ჰიბრიდულ თავდასხმებს ეფექტიანად ვერ უმკლავდება, რადგან თეთრ სახლს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით მკაფიო პოზიცია ოფიციალურად არ აქვს ჩამოყალიბებული.

„ამერიკის ისტორიაში ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე ასეთი საფრთხე არასოდეს ყოფილა ასე აშკარად უგულებელყოფილი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ. აშშ-ის მტკიცე პასუხის გარეშე აქ და ევროპაში ინსტიტუტები და არჩევნები კრემლის აგრესიული და დახვეწილი ოპერაციების წინაშე მოწყვლადი დარჩება“, – ნათქვამია ანგარიშის პრეამბულაში.

სენატორ ბენ კარდინის განცხადებით, პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ უნდა გააცნობიეროს რუსეთის საფრთხე და, როგორც კრიზისულ პერიოდებში ამას სხვა პრეზიდენტები აკეთებდნენ, მოახდინოს ქვეყნის მობილიზება რათა საერთაშორისო კოალიციასთან ერთად წინააღმდეგობა გაუწიოს საფრთხეს და დაიცვას ღირებულებები.

ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ კრემლი დღეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს შემუშავებული მეთოდებით მოქმედებს. მოსკოვის მიერ გამოყენებული ინსტრუმენტების ჩამონათვალში ნახსენებია სამხედრო ინტერვენცია, კიბერთავდასხმები, დეზინფორმაცია, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფებისა და პარტიების მხარდაჭერა, ზეწოლის საშუალებებად ენერგორესურსების გამოყენება.

როგორც კვლევის ავტორები მიიჩნევენ, პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის ხელისუფლება შეეცადა, გამოეყენებინა სამხედრო ზეწოლის ინსტრუმენტები, როგორც ეს საქართველოსა და უკრაინაში მოხდა, განეხორციელებინა სამხედრო გადატრიალება, როგორც მონტენეგროში, ან მოესყიდა პოლიტიკოსები, როგორც სერბეთში, ბულგარეთსა და უნგრეთში. ამასთან, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში რუსეთის ჩარევის საბაბი იყო ამ ქვეყნების გადაწყვეტილება, აერჩიათ განვითარების დასავლური გზა და გაემყარათ ნატო-სთან კავშირები.

ანგარიში შეიცავს 30-ზე მეტ რეკომენდაციას, რომელიც სენატორ ბენ კარდინის აზრით, თეთრმა სახლმა უნდა განახორციელოს. მათ შორისაა ევროპელი მოკავშირეებისა და იმ ქვეყნების მხარდაჭერის გაძლიერება, რომლებსაც ჯერ არ შეუძლიათ რუსეთის ფინანსურ, ენერგეტიკულ და საინფორმაციო აგრესიას დამოუკიდებლად გაუწიონ წინააღმდეგობა.