კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს
კელი დეგნანი - აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს

აშშ არ არის ევროპარლამენტში წარმოდგენილი. ასე რომ, ჩვენ არ ვართ ჩართული ევროპარლამენტის რეზოლუციების ან პარტიების რეზოლუციების შემუშავებაში, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს EPP-ის რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად.

ელჩის თქმით, აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.

„ის, რასაც აშშ-ის კანონმდებლობა ასახავს, არის რეალური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და თქვენ შეგიძლიათ, ეს ნახოთ საქართველოს მხარდამჭერ აქტში, რომელიც მიმდინარე წელს წარმომადგენელთა პალატამ მიიღო; ასევე, შავი ზღვის უსაფრთხოების კანონმდებლობაში, რომელიც სენატორმა შაჰინმა წარადგინა ივლისში. ორივე ეს დოკუმენტი არის მხარდამჭერი საქართველოს და საქართველოს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართ. სწორედ ეს არის, რაზეც ფოკუსირებულია აშშ-ის კონგრესი. აშშ-ის მთავრობა ერთგულია საქართველოს უსაფრთხოების, კეთილდღეობის, დემოკრატიული განვითარებისადმი, რასაც ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვუჭერთ მხარს, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.

რაც შეეხება არასამთავრობოების შესახებ დასმულ შეკითხვას, ვფიქრობ, თქვენ შეგიძლიათ, ჰკითხოთ თხილის, მოცვის, რძის პროდუქტის მწარმოებელ ნებისმიერ ფერმერს, რომლებმაც გაზარდეს თავიანთი პირუტყვის რაოდენობა ან შეძლეს თავიანთი რძის ან ყველის უფრო მეტ ბაზარზე გაყიდვა, იმ მხარდაჭერის შესახებ, რომელსაც ისინი იღებენ აშშ-სგან; ან სტუდენტებს, რომლებიც მიემგზავრებიან აშშ-ში ჩვენი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში, ან მრავალ სხვა ადამიანს, რომელიც მიემგზავრება აშშ-ში სხვადასხვა გაცვლითი პროგრამით. ეს არ ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით. ჰკითხეთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, რომლებიც მუშაობენ აშშ-ის სამხედროებთან, სანაპირო დაცვასთან, ჩვენს სასაზღვრო პოლიციასთან, ჩვენს სამართალდამცველებთან. ეს არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით არ ხდება. ეს ხდება ძირითადად ხელისუფლების მეშვეობით ან უშუალოდ, ხალხთან ერთად. მაგრამ, როგორც ვთქვი, ჩვენ ასევე ვმუშაობთ, ზოგიერთ ძალიან კარგ არასამთავრობო ორგანიზაციასთან და სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფთან, რომლებიც ხელს უწყობენ უფრო ძლიერი საქართველოს მშენებლობას, რომლებიც აგვარებენ საკითხებს საწყის დონეზე, ადგილობრივ დონეზე, ეროვნულ დონეზე ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, სამუშაო ადგილების შესაქმნელად და საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უკეთესი გარემოსთვის. ქართველების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად ჩვენი დახმარება 30 წლის განმავლობაში გრძელდება, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი გამოცდილება. სწორედ ეს გვადარდებს – ქართველი ხალხი. ჩვენ ვუსმენთ იმას, რასაც ისინი ამბობენ, რომ მათ სურთ და სჭირდებათ და ამგვარად განვსაზღვრავთ, სად მიდის ჩვენი დახმარება. ჩვენ ვმუშაობთ მთავრობასთან ხშირად, რამდენადაც შეგვიძლია, ხშირად, მაგრამ ასევე ვმუშაობთ სხვებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ ამ ქვეყნის კუთხეებამდეც ვაღწევთ, რათა დავეხმაროთ ადამიანებს თავიანთი ოცნებების რეალიზებაში და მხარი დავუჭიროთ გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს. ეს არის ის, რის კეთებასაც ჩვენ გავაგრძელებთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.