პროკურორის განცხადებით, კობა კოშაძის საქმეზე დაკითხულია ყველა მოწმე და აღარ არსებობს მათზე ზემოქმედების საფრთხე
კობა კოშაძის საქმეზე დაკითხულია ყველა მოწმე და აღარ არსებობს მათზე ზემოქმედების საფრთხე, – ამის შესახებ კობა კოშაძის საქმის პროკურორმა სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, 5 000-ლარიანი გირაო იქნება შემაკავებელი გარანტი და უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.
„დღევანდელ პროცესზე ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალა აღკვეთის ღონისძიების სახე პატიმრობა გირაოთი. ვინაიდან მოცემულ საქმეზე დაკითხულია თითქმის ყველა მოწმე, აღარ არსებობს მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხეები. მიმაჩნია, რომ 5 000-ლარიანი გირაო იქნება შემაკავებელი გარანტი და უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას“, – განაცხადა პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ.
კობა კოშაძის განცხადებით, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არც მათ დაკითხვამდე არსებობდა, რადგან ყველა მოწმე სამართალდამცველია.
„დღეს ბრალდება მივიდა იმ აზრამდე, რა აზრზეც ვიყავით კობა კოშაძის დაკავების პირველივე დღიდან, რომ მისი გარეთ ყოფნა გამოძიებას ხელს არ შეუშლის. პროკურორმა თვითონ იშუამდგომლა, რადგან მოწმეების დაკითხვა ამოვწურეთო. თუმცა ყველა მოწმე პოლიციელი იყო და ზემოქმედება როგორ უნდა მოეხდინა მათზე, ჩემთვის გაუგებარია“, – განაცხადა ადვოკატმა, მამუკა ჭაბაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.