ირაკლი ოქრუაშვილი - კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე თუ არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს
ირაკლი ოქრუაშვილი - კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე თუ არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს

კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე თუ არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა დაცვის მხარეს სააპელაციო სარჩელის განხილვაზე, რითაც ისინი კოშაძის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ.

ოქრუაშვილის თქმით, კოშაძის დაკავება პოლიტიკური იყო.

„როგორც უკვე აშკარაა, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და დაცვის წევრის დაპატიმრებაში, როცა მას იარაღი ჩაუდეს. გუშინ სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ განეხილა და უარი ეთქვა, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.

ასევე ნათლად გამოჩნდა, რომ ივანიშვილი ძალიან არის გაღიზიანებული ყველა იმ აქტიური ადამიანის ქმედებების შედეგად, რომელიც მის წინააღმდეგ გადადგამს გარკვეულ ნაბიჯებს და ამის გამო მამუკა ხაზარაძეს წაუყენეს ბრალი. ჩემი ვარაუდით აპირებენ მის დაკავებას. ეს მხოლოდ და მხოლოდ მიუთითებს ერთ რამეზე, ხელისუფლება არის ძალიან „აჭრილი“. ივანიშვილს წარმოდგენა არ აქვს, რას ეთამაშება და გარკვეული სახით ნაჯახით მოქმედება, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, დააჩქარებს მისი ხელისუფლებიდან მოშორებას“,- აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კობა კოშაძე მიხეილ სააკაშვილის დროს დაპატიმრებული იყო, მას სუფთა წარსული აქვს.

„კობა კოშაძე გამართლებული იქნა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მის საქმეში არ არსებობს არანაირი ლაქა. მას იარაღი არ უტარებია და განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრების დაჭერის, როდესაც ე.წ. გრანატამიოტებს უდებდნენ ჩემს მეგობრებს, ახლა გადავიდნენ ჟანგიან „მაკაროვებზე“. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამაშიც არ უნდა ფულის დახარჯვა, რომ ცოტა უფრო ხარისხიანი იარაღი ჩაუდოს ოპონენტებს.

ეს იყო ჩემი აზრით, დასჯის ღონისძიება. სხვა მხრივ დარწმუნებული ვარ, მათ იციან, რომ ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. რომ დაეკავებინათ რომელიმე ყოფილი სპეცრაზმელი ჩემი მეგობარი, რომელთაგან ბევრი აქ, ოფისშიც მყავს და გარკვეულ პარტიულ საქმიანობაშიც მეხმარებიან, კიდევ არ ვიქნებოდი იმდენად შეწუხებული, რადგან კობა კოშაძეს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა პატარა შვილი, 2016 წელს ჩემზე თავდასხმის დროს დაიჭრა და მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. მათ იცოდნენ, რა ტიპის მაზოლზე უნდა დაეჭირათ ჩემთვის ფეხი. ეს იმის გამო, რასაც მე ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ ვაკეთებ და გავაგრძელებ გაკეთებას. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ, დაახლოებით, ულტიმატუმის სახით არ მინდა გამომივიდეს, 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია და ყოველთვის მეგობრები ვიკრიბებით, მის საფლავზე გავიდეთ, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი, მისი დაცვის წევრი კობა კოშაძე რამდენიმე დღის წინ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.