ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი განახლდება
ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი განახლდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის, კობა კოშაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

პროცესზე რამდენიმე პოლიციელი დაიკითხება.

კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. თავად ბრალდებული დანაშაულს უარყოფს.

კობას კოშაძის ადვოკატის, მამუკა ჭაბაშვილის განცხადებით, კოშაძეს იარაღი ირაკლი ოქრუაშვილის გამო ჩაუდეს და დააკავეს.

„კობა კოშაძის ინტერესი არავის ჰქონდა. მხოლოდ ირაკლი ოქრუაშვილიდან გამომდინარე ჰქონდათ მისი ინტერესი. ირაკლი ოქრუაშვილის გამო ჩაუდეს მას იარაღი და დააკავეს. ის თავიდანვე აცხადებდა, რომ იარაღი ჩადებული იყო. ეს, ფაქტობრივად, საქმით არც დადასტურდა, რადგან არც თითის კვალი არ არის მასზე, არც დნმ, არც მეტალიზაციის კვალი, არც ერთი მიკრონაწილაკი. შემორჩა მხოლოდ სამი პოლიციელი, რომლებიც ამბობენ, რომ კი ბატონო, კობა კოშაძეს ჰქონდა იარაღი. ეს პოლიციელები მოჰყავთ. მათ ვკითხავთ ალბათ დღესაც, მათი დაკითხვა გაგრძელდება, მაგრამ მთავარი ის არის, რომ გარდა დაინტერესებული პოლიციელების ჩვენებებისა, არაფერი საქმეში არ აქვთ. ასე ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით შეიძლება, ჯერ ჩადონ იარაღი და მერე თქვან, რომ იარაღი მას უპოვეს. ეს რომ სიტყვებად არ დარჩეს და მაყურებელმა არ იფიქროს, ყველას შეუძლია, ამით თავი იმართლოსო, ჩვენ დოკუმენტაცია მოვიპოვეთ, რომ გამოძიებაც კი იურიდიულად დაიწყეს მას შემდეგ, რაც ჩხრეკა ჩაატარეს და იარაღი ამოიღეს. გაფორმებული აქვთ, ასე ვთქვათ, წინა თარიღებით, წინა საათებით და ნახეს რა, რომ უკვე გააჩერეს, იარაღი ჩავდეთო, ამის შემდეგ დაიწყეს ოფიციალურად გამოძიება. თუ შემთხვევით ისე მოხდებოდა, რომ ვერ მოახერხებდნენ იარაღის ჩადებას, გამოძიების დაწყებას არც აპირებდნენ. მოლოდინს რაც შეეხება, რთულია. ასეთ სიტუაციაში იარაღის ჩადება რიგითი პოლიციელების დონეზე არ მოხდებოდა. რთულია, დღევანდელ სიტუაციაში სასამართლოს ობიექტურობაზე ისაუბრო, თუმცა იმდენად თვალნათელია ეს ყველაფერი, რომ ვფიქრობ, დიდი შანსი გვაქვს, სასამართლომ გაამართლოს, მით უმეტეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ციხეში ზის უკვე სხვა საქმის გამო და წესით და რიგით, კობა კოშაძის მიმართ ისეთი ინტერესი აღარ უნდა ჰქონდეთ“, – განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

დატოვე კომენტარი