პროკურორი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის დაკითხვასთან დაკავშირებით ახალი გარემოება მაისის ბოლოს წარმოიშვა
მირზა სუბელიანი დასაკითხ სიაში დაცვის მხარემ შეიყვანა და შესაბამისად, ბრალდებას მასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, იმ მოცემულობით, როდესაც მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს წარმოადგენდა, არ იყო იმის აუცილებლობა, რომ სუბელიანი შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკითხულიყო.
პროკურორი განმარტავს, რომ სუბელიანს სასამართლოსთვის უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
ზვიად ფხაკაძის თქმით, მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს მაისი ბოლომდე უნდა დაეკითხა, თუმცა ადვოკატებმა ის არ დაკითხეს.
„დაცვის მხარემ მირზა სუბელიანის დაკითხვის შესახებ ინფორმაცია მოაწოდა ბრალდების მხარეს, რომ აპირებდა სასამართლოში სუბელიანის დაცვის მოწმედ წარდგენას. ეს იყო დაახლოებით დეკემბრის ბოლოს. მირზა სუბელიანი დაცვის სიაში იყო და იანვარში, წინასასამართლო სხდომაზე, სასამართლომ დაამტკიცა, რომ მირზა სუბელიანი უნდა დაკითხულიყო დაცვის მოწმედ.
შესაბამისად, ბრალდების მხარეს მასთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეხება შესაძლებელია აღქმულიყო როგორც სენსიტიურ სისხლის სამართლის საქმეზე, დაცვის მხარის ერთ-ერთ ძირითად მოწმეზე ზემოქმედებად.
იმ მოცემულობით, როდესაც მირზა სუბელიანი დაცვის მხარეს წარმოადგენდა, არ იყო თან იმის აუცილებლობა, რომ ეს ადამიანი დაკითხულიყო შეუტყობინებლობის ფაქტთან დაკავშირებით. ვინაიდან არ მომხდარიყო ეჭვის დატოვება, რომ ზეწოლას ახდენს ბრალდების მხარე, დაიბარეს საგამოძიებო ორგანოში.
მას უნდა მიეცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია არა შეუტყობინებლობის ფაქტზე, არამედ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით. სწორედ ეს რისკები იყო გათვლილი.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მირზა სუბელიანი მართალია არ დაიკითხა, მაგრამ ეს მისი არდაკითხვა დაფიქსირდა უკვე 2018 წლის მაისის ბოლოს. შესაბამისად, მაისის ბოლომდე მირზა სუბელიანი იყო დაცვის მოწმე“,- განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, მირზა სუბელიანის დაკითხვასთან დაკავშირებით ახალი გარემოება მაისის ბოლოს წარმოიშვა, როდესაც ამჟამად მსჯავრდებულმა გ.ჯ-მ ექვსი თვის შემდეგ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მირზა სუბელიანი მ.კ-ს ოჯახში ნახა.
პროკურორის განმარტებით, აქამდე ეს დეტალი დადგენილი არ იყო, რადგან ფხაკაძის თქმით, კალანდიები ამბობდნენ, რომ როდესაც გ.ჯ. მათთან სახლში იმყოფებოდა, იქ მირზა სუბელიანი არ მისულა.
„მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი დეტალი. მირზა სუბელიანის დაკითხვასთან დაკავშირებით ახალი გარემოება წარმოიშვა მაისის ბოლოს. კერძოდ, ერთ-ერთმა ბრალდებულმა გ.ჯ.-მ, რომელმაც ექვსი თვის განმავლობაში არ მიაწოდა გამოძიებას ინფორმაცია, ეს მისი უფლებაა და ამაში მე დარღვევას ვერანაირად ვერ ვხედავ. მხოლოდ პროცესის დასასრულს განაცხადა მირზა სუბელიანთან დაკავშირებული დეტალები, კერძოდ თქვა, რომ მან მირზა სუბელიანი ნახა კალანდიების სახლში, როდესაც იმყოფებოდა. აქამდე ეს დეტალი არ იყო დადგენილი, ვინაიდან კალანდიები იძახდნენ, რომ როდესაც გ.ჯ. იმყოფებოდა მათთან სახლში, იქ მირზა სუბელიანი არ ყოფილა და ერთმანეთი არ უნახავთ. სწორედ ეს იყო ახალი გარემოება.
ისიც დაემთხვა, რომ სუბელიანი აღარ იყო დაცვის მოწმე, შესაბამისად, გატარდა რიგი ღონიძიებები და მივიღეთ ის, რაც იყო”,- განაცხადა პროკურორმა.