პროკურორი - ყველა გარემოებიდან გამომდინარე, დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობა არ იკვეთება
პროკურორი - ყველა გარემოებიდან გამომდინარე, დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობა არ იკვეთება

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორის განცხადებით, არსებული გარემოებიდან გამომდინარე, დავით სარალიძის მკვლელობაში მ.კ.-ს თანამონაწილეობა არ იკვეთება, თუმცა შესაძლოა, მ.კ.-ს მხრიდან ცემის ფაქტს ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ ზვიად ფხაკაძემ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეპუტატ ოთარ კახიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კახიძემ საქმის პროკურორს ჰკითხა, „როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მ.კ-ს ის ხელით ჰყავს გაკავებული, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა“.

ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის, მ.კ-ს ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც ის იხსენებს, როგორ ურტყამენ გ.ბ და გ.ჯ დანებს დავით სარალიძეს. ამასთან, მ.კ. ამბობს, რომ სარალიძეს სახეში მუშტი რამდენჯერმე თავადაც დაარტყა.

ფხაკაძის ინფორმაციით, მ.კ.-ს ჩვენების თანახმად, როდესაც სარალიძეს ამჟამად მსჯავრდებული გ.ჯ. ურტყამს, მ.კ.-ს მიზანია, მას მოაშოროს დათო სარალიძე, რომელიც ხელებით ჰყავს დაჭერილი.

პროკურორის თქმით, როდესაც გ.ბ. დანას არტყამს სარალიძეს, საქმის გარემოებებით, მ.კ.-ს ფარდულში ყოფნა არ დასტურდება.

„სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ამ დროს ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს. ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? მ.კ.-ს მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია, მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით.

რაც შეეხება მ.კ-ს ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. ეს დაზიანება რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს. ამ ყველა გარემოებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი“,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.