პროკურორი - სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო იმაში, რომ 2020 წლის 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, მისი მოკვლის მიზნით, წყალში გადააგდეს
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ხუთივე ბრალდებული ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.
მისი თქმით, სასამართლომ ხუთივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო იმაში, რომ 2020 წლის 19 ივნისს გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ, შემდეგ კი, მისი მოკვლის მიზნით წყალში გადააგდეს.
ამასთან, პროკურორის განცხადებით, ბრალდების მხარეს მხოლოდ გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინი ჰქონდა.
„სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის ფორმულირება იმ კუთხით, რომ გიორგი შაქარაშვილს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდნენ მსჯავრდებულები. ხუთივე მსჯავრდებული დამნაშავედ ცნო იმაში, რომ 2020 წლის 19 ივნისს, ფიზიკურად გასწორების შემდგომ, გიორგი შაქარაშვილი მოკვლის მიზნით წყალში გადააგდეს. იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომლებიც ჩვენ წარვადგინეთ სასამართლოში, სასამართლოს სხვა გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო. 100-მდე მოწმე დაიკითხა ბრალდების მხარის მიერ, გამოვიკვლიეთ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები და სხვა ექსპერტიზის დასკვნები, გამოვიკვლიეთ ვიდეოჩანაწერები, სატელეფონო დეტალური ინფორმაციები და სხვადასხვა მტკიცებულება, რომლებიც პირდაპირ ადასტურებდნენ, რომ გიორგი შაქარაშვილი არის მოკლული სწორედ ამ მსჯავრდებულების მხრიდან. მტკიცებულებები არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ შემთხვევის ადგილზე იყვნენ და უშუალოდ ხედავდნენ და ისმენდნენ მსჯავრდებულების მიერ განხორციელებულ ქმედებებს. მათ შორის იმ გარემოებას, როგორ გადაუჭრეს გიორგი შაქარაშვილს გზა, როგორ მისდევდა მას ნაწილი და შემდეგ უკვე მდინარის მიმართულებით, როგორ მიმდინარეობდა დევნა და ა.შ. რა თქმა უნდა, ყველა ის გარემოება, რომელიც ეხება გიორგი შაქარაშვილის მკვლელობას, იქამდე განხორციელებულ დევნას, მოტივაციას, რაც განპირობებული იყო უშუალოდ აგარაკზე დაწყებული ფაქტებით, ყველა ეს გარემოება არის სასამართლოში დამტკიცებული და სასამართლომაც უტყუარად გაიზიარა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ისინი არასდროს იქნებიან კმაყოფილი, თუმცა ეს იყო სამართლიანი გადაწყვეტილება. დაცვის მხარეს სხვა არაფერია დარჩენია, რომ მოახდინოს დისკრედიტაცია ბრალდების მხარის მოწმეების და სასამართლოსი“, – განაცხადა პროკურორმა.
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე განაჩენი დღეს გამოაცხადა. საქმის განმხილველი მოსამართლის, ბიძინა სტურუას გადაწყვეტილებით, გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ხუთი პირიდან სამ პირს, არჩილ გაგნიძეს, ვახტანგ ჩიქოვანსა და ნიკოლოზ რევაზიშვილს, თითოეულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა. კიდევ ორი არასრულწლოვნის, ა.ქ.-სა და ზ.ხ-ს მიმართ განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.