პროკურორი - სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ჩვენი პოზიცია, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ცხრავე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა
სასამართლომ გაიზიარა, რომ არსებობს ბრალდებულების მიერ მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ჩვენი პოზიცია და ცხრავე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა, – ამის შესახებ პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„არანაირი ბუნდოვანება ექსპერტიზის გაყალბების საკითხში არ არსებობს. ჩვენ გასაგებად ავხსენით, რომ არსებობს ორი ეპიზოდი. პირველი ეპიზოდი არის ქრონოლოგიურად რომ წარმოვიდგინოთ, ოფიციალური დოკუმენტის გაყალბება. ეს იგულისხმება 25 აგვისტოს ექსპერტიზის ინსპექტირების ანგარიშში, რომელიც შეადგინეს წარმოდგენილმა ბრალდებულებმა. აღნიშნული ინსპექტირების ანგარიშში მათ შეიტანეს ყალბი მონაცემები, თითქოს, შეისწავლეს სამუშაოების შესაბამისობა სამშენებლო ნორმებთან და წესებთან, რაც მათ არ შეუსწავლიათ და აღნიშნული მონაცემი მათ ყალბად შეიტანეს ანგარიშში. აღნიშნულის საფუძველზე უკვე 26 აგვისტოს მხარეებს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. იგულისხმება ერთ მხრივ, მერიის საქალაქო სამსახური და მეორე მხრივ „გრინსერვის პლუსი“. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, კვლავ გაგრძელდა სამუშაოები. ის სამუშაოები, რომლებსაც უკვე 22 სექტემბერს ბრალდებულის, მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის მიერ იყო დაკვეთილი.
არის ასეთ თანმიმდევრობა და არავითარი ბუნდოვანება არ არსებობს. ჯერ იყო დასკვნა, რომლის საფუძველზეც მიიღო მერიამ შესრულებული სამუშაოები და უკვე დასრულებულ სამუშაოებზე საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებით კვლავ გაგრძელდა სამუშაოები და ამ სამუშაოებზე აღარ არსებობს არც ექსპერტიზის დასკვნა, არც მიღება-ჩაბარების აქტი და შესაბამისად მოხდა ის სამწუხარო ფაქტი. ეს გარანტია რაც ხელშეკრულებაში ეწერა, თუ შესრულებულ სამუშაოს აღმოაჩნდებოდა რაიმე დეფექტი, ეს დეფექტი უნდა გამოსწორებული და ეს არ გულისხმობს ახალ სამუშაოს“,- აღნიშნა პროკურორმა.
არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ 22 სექტემბერს შესრულდა ახალი სამუშაოები, რომელიც, მისი თქმით, არ იყო გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვაში.
„ამდენად, ეს შესრულებული სამუშაოები არ გულისხმობს არსებული გარანტიის შესრულებას. ხელშეკრულებით ნებისმიერი სამუშაოს შესრულება, რომელსაც შეასრულებდა მიმწოდებელი და მიაწოდებდა დამკვეთს, ეს სამუშაოები მიმწოდებელს უნდა მიეწოდებინა შესაბამისი ინსპექტირების ანგარიშით და დამკვეთს უნდა მიეღო შესაბამისი ინსპექტირების ანგარიში. ამ შემთხვევაში შესრულდა დამატებითი სამუშაოები და ეს სამუშაოები საჭიროებდა აღნიშნულ დოკუმენტებს. ექსპერტები ერთ მხრივ ამბობენ, რომ მხოლოდ ხარჯთაღრიცხვის შემოწმების ნაწილში გააჩნიათ ცოდნა, მაგრამ დასკვნაში სულ სხვა რაღაც ჩაწერეს. ხარჯთაღრიცხვის გარდა ჩაწერეს, რომ აღნიშნული სამუშაოები შესაბამის ნორმაში იყო სამშენებლო ნორმებთან და წესებთან. ეს გამოკვლევა და დასკვნა მათ არ დაუდიათ და ფორმალურად ჩაწერეს გაყალბებულ დოკუმენტში.
ჩვენ სასამართლოზე წარვადგინეთ საკმაოდ ვრცელი შუამდგომლობა. აღნიშნულში ცხრავე ბრალდებულის მიმართ ცალ-ცალკე იყო ჩამოთვლილი ის საფრთხეები და აღკვეთის ის მიზნები, რაც საბოლოოდ კანონით არის გათვალისწინებული. ამდენად, არანაირ ერთიან მიდგომას არ ჰქონია ადგილი, ზუსტად ინდივიდუალობის პრინციპი იყო გათვალისწინებული და ამიტომ, ცხრავე ბრალდებულის ნაწილში მოხდა სათითაოდ დასაბუთება. ყველა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზნების და საფუძვლების“,- განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ ცხრავე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.