პროკურორი - საპარლამენტო კომისიას ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე სრულ ინფორმაციას მივაწვდი
თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, ზვიად ფხაკაძის განცხადებით, საპარლამენტო კომისიას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას მიაწვდის.
როგორც პროკურორმა კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ბრალდების მხარე სრულყოფილად გასცემს ყველა კითხვაზე პასუხს, რაც დაზარალებულს გააჩნია.
„მოგეხსენებათ, სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე სხდომა დახურული იყო. რითაც შესაძლებლობა მოკლებული გვქონდა იმასა, რომ საზოგადოებისთვის საქმის გარემოებებთან მიმართებით სრული ინფორმაცია მიგვეწოდებინა. დღეს ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.
ამასთანავე მინდა მკაფიოდ განვაცხადო, რომ ხსენებული დღე არის ჩვენი შესაძლებლობა იმისა, რომ ღიად ვისაუბროთ იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც სამწუხაროდ კანონიდან გამომდინარე არ შეგვეძლო გვეხსენებინა საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე.
ჩვენ ვსაუბრობთ იმ გარემოებებზე, რაც უშუალოდ ეხება 2017 წლის პირველ დეკემბერს, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, ვის მიერ მოხდა დანების გამოყენება, დანების გამოყენება რა ვითარებაში მოხდა და რა თქმა უნდა, მსჯავრდებულების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის კონფიდენციალურობას დავიცავთ“,- განაცხადა ფხაკაძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე, ისაუბრებს თუ არა პროკურორი დღევანდელ სხდომაზე ხორავას ქუჩაზე მესამე პირის დაჭრის შესახებ, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხებს.
„მესამე პირის დაჭრასთან დაკავშირებით, ამ ფაქტობრივ გარემოებებზე დეტალურად ვისაუბრებთ. რა თქმა უნდა, კომისიის წევრების მხრიდან აღნიშნული კითხვა დასმული იქნება. ამომწურავად გავცემთ პასუხს. კომისიის სხდომას დაველოდოთ”,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პროკურორის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთ-ერთი ბრალდებულის გამართლების ნაწილში გაასაჩივრებენ.
„რაც შეეხება მიღებულ გადაწყვეტილებას, საუბარი სასამართლო განაჩენზე მაქვს, ბრალდების მხარე ხსენებულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს, ვინაიდან სასამართლოს მოცემულ განაჩენს არ ვეთანხმებით იმ ნაწილში, რაც ერთ-ერთი ბრალდებულის გამართლებას შეეხება“,- განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს განაახლებს მუშაობას. სხდომაზე შსს-ს წარმომადგენელსა და საქმის პროკურორს მოუსმენენ.