გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, დავით გუმბერიძის განცხადებით, საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები პრაქტიკულად დასრულებულია.
როგორც პროკურორი აცხადებს, თვითმკვლელობამდე მიყვანისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მოცემულობით, თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა არ დგინდება.
ამასთან, როგორც პროკურორი ამბობს, გარდაცვლილის ოჯახთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ოჯახი გარკვეული მტკიცებულებების თაობაზე სწორად და დეტალურად ინფორმირებული არ არის. გუმბერიძის თქმით, ადვოკატები გარდაცვლილის ოჯახის წევრებს საქმიდან ამოღებულ ფრაგმენტებს აცნობდნენ.
„ამ საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, ექსპერტიზის დასკვნები და საბოლოოდ ის შედეგები, რაც ამ საქმეზე გვაქვს, გავაცანით ოჯახის წევრებს. აქ იყო იმ კითხვებზე პასუხი, რაც ოჯახის წევრებს გააჩნდათ. საქმეზე საკმაოდ მრავალრიცხოვანი საგამოძიებო მოქმედებები ჩავატარეთ, 600-ზე მეტი მოწმეა დაკითხული და ჩავატარეთ 40-ზე მეტი ექსპერტიზა. ყველა იმ კითხვაზე, რაც ოჯახიდან მოდიოდა, პროკურატურამ პასუხი გავეცით.
დღევანდელ შეხვედრაზე გამოჩნდა ერთი გარემოება, რომ ოჯახი გარკვეული მტკიცებულებების თაობაზე სწორად და დეტალურად ინფორმირებული არ არის. გამომდინარე იქიდან, რომ ადვოკატების მხრიდან ხდება გარკვეული ფრაგმენტების ამოღება საქმიდან, მხოლოდ ამ გარემოებების გაცნობა. შესაბამისად, ქალბატონ თეონას და ბატონ ჯუმბერს ჰქონდათ არასწორი ინფორმაცია, თუნდაც ექსპერტიზებთან დაკავშირებით, რომელიც მათ ადვოკატებმა მიაწოდეს.
რაც შეეხება მიზეზს, რატომ დატოვა მიხეილ რამიშვილმა შეხვედრა – როგორც აღმოჩნდა და წინა შემთხვევებშიც ჩვენ გვქონდა მსგავსი ფაქტები, ბატონი მიხეილ რამიშვილი გარკვეულ გარემოებებს არასწორად აცნობდა ოჯახის წევრებს და გარკვეულ ექსპერტიზის დასკვნებსაც არასწორად აფასებდა. დღევანდელ შეხვედრაზეც კი წარდგენილი იქნა ჩვენს მიერ ეს ექსპერტიზა. გარკვეული იქნა ის გარემოებები, რაზეც ბატონი მიხეილი მიუთითებდა ოჯახს და აღმოჩნდა, რომ ეს იყო არასწორად აღქმული დოკუმენტი. კარგი იქნება, თუ მოეკიდებიან კვალიფიციურად და დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან. აქ არის ექსპერტიზის დასკვნა, რაზეც ბატონი მიხეილი აპელირებდა ოჯახთან, რომ გარკვეულწილად იქ ეწერა ისეთი გარემოებები, რაც რეალურად დასკვნაში არ იყო ასახული. ჩვენი პოზიციაა, რომ ასეთი კატეგორიის საქმეში მეტი ყურადღებით და კვალიფიციურობით მოეკიდოს საკუთარ მოვალეობას და ის ინფორმაცია, რაც საქმეზეა მოპოვებული, დეტალურად მიაწოდოს ოჯახის წევრებს.
რაც შეეხება საქმეზე ჩატარებულ კონკრეტულ საგამოძიებო მოქმედებებს და ექსპერტიზის დასკვნებს, რაზე დაყრდნობითაც ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე პრაქტიკულად დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ამასთან დაკავშირებით თქვენ უახლოეს მომავალში მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას. შესაბამისად, იქნება ის მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნები დეტალურად განხილული. დანაშაულის ნიშნები, რაზეც ძიებაშია საქმე, ვგულისხმობ თვითმკვლელობამდე მიყვანას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას, ამ მოცემულობით, რაც ჩატარდა საქმეზე, არ დგინდება რომელიმე სუბიექტის დანაშაულის ჩადენა თამარ ბაჩალიაშვილთან მიმართებაში. შესაბამისად, აქ არის არაერთი საგამოძიებო მოქმედება და ცალკე აღებული ერთი ექსპერტიზის დასკვნას ნუ შევაფასებთ. აქ არის არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, არაერთი ექსპერტიზის დასკვნა, რაც ჩვენ საბოლოო ჯამში მიგვიყვანა იმ შედეგამდე, რომ მიგვაჩნია – ამ საქმეზე დასრულებულია საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ყველა ის ვერსია, რაც ოჯახისგან მოდიოდა, ჩვენს მიერ დეტალურად იყო შესწავლილი. ოჯახს რა კითხვებიც ჰქონდა გამოძიებასთან, დღევანდელ შეხვედრაზე ყველა ამ კითხვაზე მიიღეს პასუხი. ერთია პასუხის მიღება ჩვენგან და მეორეა, რამდენად გაიზიარებენ ამ ჩვენს პოზიციას, თუმცა თუ დეტალურად შეძლებენ და გაეცნობიან საქმის მასალებს, არ მიიღებენ ფრაგმენტულ ინფორმაციას, რასაც ადვოკატები აწვდიან, დარწმუნებული ვარ, ისინი გაიზიარებენ იმ დოკუმენტის შინაარსს, რაც ჩვენ მოვიპოვეთ შემაჯამებელ დოკუმენტთან დაკავშირებით, კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსთან და ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, ეს არის საკმარისი, ამ საქმეზე ვთქვათ, რომ დასრულდა საგამოძიებო მოქმედებები“,- განაცხადა გუმბერიძემ.
პროკურორის განცხადებით, ის გარემოებები, რაც საეჭვოდ იქნა მიჩნეული ოჯახის მიერ, ექსპერტიზების შედეგად დადასტურდა.
„სისხლის კვალთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ეს კონკრეტულად სისხლის კვალს არ წარმოადგენდა, თუმცა როგორ და რა კვლევის შედეგად დადგინდა, ამაზე დეტალურ ინფორმაციას უახლოეს ხანებში მიიღებთ. რაც შეეხება კონკრეტული მედიკამენტებია შეძენას, ეს კითხვაც დაისვა დღეს და საკმაოდ ამომწურავი პასუხი გაეცა ჩვენგან. ყველა პასუხი მიიღეს მათ დასმულ კითხვებზე. ჩვენ ვიზიარებთ მათ მდგომარეობას, ნებისმიერ დროს მათ აქვთ შესაძლებლობა, თვითონ გაეცნონ საქმის მასალებს და არ მიიღონ ის ფრაგმენტული ინფორმაცია, რასაც ადვოკატები აწვდიან. ამ შემთხვევაში, ერთ კონკრეტულ ადვოკატს ვგულისხმობ“,- აღნიშნა საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 22 ივლისს რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.