პროკურორი - ოთარ აბესაძის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პირობებში სავსებით შესაძლებელი იყო
პროკურორ ირაკლი მარშანიას განცხადებით, სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ოთარ აბესაძისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეცვლილიყო, არ არსებობდა.
მისი თქმით, აბესაძის მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების პირობებში სავსებით შესაძლებელი იყო.
„დაცვის მხარემ წარადგინა ახალი ექსპერტიზის დასკვნა, სადაც საუბარი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. დასკვნაში აღწერილი იყო ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც რა თქმა უნდა, სახარბიელო არ არის, თუმცა სამართლებრივი საფუძველი იმისა, რომ ბრალდებულისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეცვლილიყო, არ არსებობდა, ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნაში საუბარი იყო ისეთ დიაგნოზზე, რომლის მკურნალობა სავსებით შესაძლებელი იყო პენიტენციური დაწესებულების პირობებში“, – განაცხადა პროკურორმა ირაკლი მარშანიამ.
ოთარ აბესაძე სასამართლო დარბაზიდან დღეს გაათავისუფლეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 2017 წლის 12 ივლისს დააკავა.