პროკურორი - მ.კ. არის სანდო მოწმე, რომელმაც საქალაქო სასამართლოს სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდა
მ.კ. არის სანდო მოწმე, რომელმაც საქალაქო სასამართლოს სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდა, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ სააპელაციო სასამართლოში მ.კ-ს დაკითხვის დაწყებამდე განაცხადა.
პროკურორის განმარტებით, ბრალდება ენდობა მ.კ-ს და მისი ინფორმაცია სააპელაციო სასამართლომ უნდა გაიზიაროს.
კითხვას, რატომ გახდა საჭირო მოწმის ხელმეორედ დაკითხვა უკვე მეორე ინსტანციაში, თორნიკე ნადირაძე მერაბ მორჩაძის მიმართ გამოტანილი განაჩენით განმარტავს.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ მოწმე მ.კ-ს მიმართ განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე, მისი ნათესავის, მერაბ მორჩაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და მას პირობითი მსჯავრი აქვს. პროკურორის თქმით, სასამართლო ადასტურებს, რომ მ.კ-ზე ზემოქმედება განხორციელდა და დღევანდელ სხდომაზე კითხვებს მას სწორედ ამ მიმართულებით დაუსვამენ.
„მოგეხსენებათ, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე დაკმაყოფილდა მოწმის დაკითხვა. ის დაიკითხება მხოლოდ მის მიმართ განხორციელებულ ზემოქმედების ფაქტთან მიმართებით, ვინაიდან მას მკვლელობაზე უკვე დაწვრილებით აქვს ჩვენება მიცემული. როგორც ცნობილია, მოწმის მიმართვისა და დაყოლიებისთვის პასუხისგებაში მიეცა მერაბ მორჩაძე და მის მიმართ გამოტანილია გამამტყუნებული გადაწყვეტილება, რომელიც დართულია სააპელაციოში.
სასამართლოს მიერ უდავოდ დადგინდა, რომ მ.კ-ს მიმართ ზემოქმედებას ჰქონდა ადგილი, შესაბამისად, ასეთი ტიპის ზემოქმედება როდესაც განხორციელდა, მოწმემ გარკვეულწილად ჩვენების გარკვეული ფაქტორები შეცვალა, თუმცა არ არის საუბარი ჩვენების მთლიანად შეცვლაზე. შემდგომი დაკითხვის ფარგლებში დეტალურად ისაუბრა. მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მიერ რელევანტურად მიჩნეული ის მტკიცებულებები, რაც წარედგინა. კერძოდ, როდესაც მოწმე საუბრობს მის მიმართ ზემოქმედებაზე, ბრალდების მხარეს აქვს მყარი მოლოდინი, რომ ცალსახად იქნება მიჩნეული, რომ მოწმე მ.კ. არის სანდო მოწმე და მისი ჩვენება უნდა იყოს გათვალისწინებული. ბრალდებას მიაჩნია, რომ მოწმის ჩვენება სანდოა. ეს არის სანდო მოწმე და მან სარწმუნო ინფორმაცია მიაწოდა საქალაქო სასამართლოს. როცა სასამართლოში მიმდინარეობდა მისი დაკითხვა, მან ცალსახად მიუთითა ისეთ გარემოებებზე, რაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.
სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე საქმის მთავარი მოწმე მ.კ. იკითხება.