პროკურორი - ხორავას ქუჩის საქმეზე დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე გ.ჯ-ს მამამ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა
თბილისში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული გ.ჯ-ს მშობლები დღეს დანაშაულის დაფარვის ეპიზოდზე მიმდინარე სასამართლო განხილვის ფარგლებში დაიკითხნენ.
მსჯავრდებულის მშობლებმა ისაუბრეს, თუ სად იმყოფებოდა მკვლელობის შემდეგ მსჯავრდებული და რა ინფორმაცია ჰქონდათ მის შესახებ.
პროკურორ გიორგი ქობულაძის განცხადებით, მსჯავრდებულის მამამ სასამართლოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.
„დაიკითხნენ გ.ჯ-ს მშობლები. მამას ჰქონდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამ საქმეზე, რაც სასამართლოს მიაწოდა. სხვა ჩვენებებთანაც თანხვედრაშია. მშობლების ინფორმაციით, მათ არ იცოდნენ სად იყო გ.ჯ. მკვლელობის შემდეგ. მამის განმარტებით ირკვევა, რომ საიდანაც სახლში წამოიყვანეს, აღნიშნული გარემოება მანამდე დაკითხული მოწმის ინფორმაციას ემთხვევა. მამამ იმავე დღეს მოგვიანებით გაიგო, თუ სად იმყოფებოდა“, – განაცხადა პროკურორმა.
დანაშაულის დაფარვის საქმეზე დაკავებულთა პატიმრობის ვადა სექტემბერში იწურება. საქმეზე სულ ხუთი პირია ბრალდებული. მათ შორის ერთ-ერთია მოზარდის მამა – თენგიზ კალანდია, რომელიც ორ პირთან ერთად, პატიმრობაში იმყოფება. მისი შვილი მ.კ. კი, რომელიც მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა, 21 წელს მიღწეული არ არის და შესაბამისად, მასზე პატიმრობა არ გამოყენებულა. ცოტა ხნის წინ მ.კ.-ს საქმე დანაშაულის დაფარვის ნაწილში ცალკე წარმოებად გამოიყო. გირაოთია გათავისუფლებული აღნიშნული მოზარდის ძმაც. თავად თენგიზ კალანდია დანაშაულს აღიარებს, მასთან ერთად დაკავებული პირები კი – არა.