პროკურორი - ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო
ხორავას ქუჩაზე შერიგებულ ახალგაზრდებს შორის ხელახალი კონფლიქტი დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის შელაპარაკებით დაიწყო, – ამის შესახებ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე თბილისის პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების უფროსმა, ზვიად ფხაკაძემ განაცხადა.
„დავით სარალიძესა და გ.ჯ.-ს შორის მოხდა შელაპარაკება. დავით სარალიძემ თითქოსდა უთხრა, თითქოს იმიტომ ვამბობ, რომ რამდენიმე სხვაგვარად განმარტავს ამას, რამდენიმე პირი სხვაგვარად განმარტავს, ერთი სიტყვით შელაპარაკდნენ ამ ფაქტთან დაკავშირებით და მოხდა შეგინება. როგორც გ.ჯ. ამბობს, დათომ შეაგინა და ესროლა სიგარეტის ნამწვი. რამდენიმე პირი ამბოს, რომ დათომ ზოგადად შეიგინა, ანუ კონკრეტულად ვინმეს მისამართით არ შეუგინებია. მოხდა კონფლიქტი და, როდესაც შეხლა-შემოხლა მოხდა, ჯერ ხომ მანქანასთან იდგნენ და შემდეგ გადაინაცვლეს ფარდულთან, 3-4 მეტრით წინ“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პარლამენტში თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა მიმდინარეობს. კომისიის წევრები დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელ კახა სირაძესა და საქმის პროკურორ ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.