პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, გ.ბ-მ მიაყენა
პროკურატურის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ახალი მოწმე ლ.ნ ადასტურებს, რომ დავით სარალიძეს ჭრილობა ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა გ.ბ-მ მიაყენა. სახელმწიფო ბრალდება კი აცხადებს, რომ აღნიშნული მოწმის შესახებ ცნობილი გახდა მხოლოდ ხელახალი გამოძიების ფარგლებში.
მოწმე გ.ჯ-სთან ერთად მომხდარის შემდეგ ტაქსიში მგზავრობდა და სასამართლოს თავად მსჯავრდებულის ნაამბობს უყვება.
როგორც პროკურორი ამბობს, მოწმის ინფორმაციით, მან მოისმინა გ.ჯ-სგან, როგორ უყვებოდა მას დანის დარტყმის შესახებ.
„ბრალდების მხარეს ჰქონდა მოლოდინი რომ დაცვის მხარე მტკიცებულებებს წარმოადგენდა, რადგან ასე ამბობდნენ, სასამართლო განხილვების ეტაპზე ჯიუტად მიუთითებდნენ ამაზე. ექსპერტიზა უნდა ყოფილიყო, მაგრამ დაპირება დაპირებად დარჩა.
რაც შეეხება ახალ მოწმეს, ბუნებრივია, ყველა მოწმის მოყვანა შეუძლებელი იყო. ადრე მისმა სახელმა გაიჟღერა, მაგრამ არ იყო ცნობილი, რა მნიშვნელოვან გარემოებებზე შეეძლო მას ჩვენების მიცემა. ეს მხოლოდ ახალი გარემოებების ფარგლებში გამოიკვეთა და მისი წარდგენა აუცილებელი გახდა. მიგვაჩნია, რომ ამ მოწმის ჩვენება არის მნიშვნელოვანი ჩვენება. მოწმემ მიუთითა, რომ ტაქსიში ყოფნისას გ.ბ. საუბრობდა, რომ იყო ფარდულში და იქ ყოფნისას ერთ-ერთი მსჯავრდებულის, გ.ჯ-ს გამოხსნას ცდილობდა მსუქანი ბიჭისგან და ეს რომ ვერ მოახერხა, უკან გამოიწია და ხელით მოახდინა მერე დემონსტრირება, წკაპ-წკაპ ვქენიო. მოწმემ ეს გაიგო, რომ დანის დარტყმა იყო სარალიძისთვის. ვსაუბრობთ ფარდულში ყოფნაზე და დადგენილია, რომ სარალიძე სწორედ იქ იყო. ის საუბრობს მსუქან ბიჭსა და ფარდულზე. ნათელია მგონი ყველაფერი“, – განაცხადა თორნიკე ნადირაძემ.