პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობაში ბრალდებულების მიმართ სასჯელის უმკაცრეს ზომას ვითხოვდით
ბრალდების მხარის პოზიცია იყო, რომ ორივე ბრალდებულის მიმართ სასჯელის უმკაცრესი ზომა ყოფილიყო გამოყენებული, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, მუხლი, რომლის საფუძველზეც მოსამართლემ ბრალდებულები გაამტყუნა, 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა, თუმცა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ.
„რაც შეეხება საბოლოდ გამოყენებულ სასჯელს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თავისუფლების აღკვეთად ერთ ბრალდებულს განესაზღვრა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მიხედვით შემცირდა 1/4-ით და საბოლოოდ, მას დაუდგინა 10 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
რაც შეეხება მეორე არასრულწლოვანს, სასამართლომ განზრახ მკვლელობა გადაუკვალიფიცირა მცდელობაზე, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და აღნიშნულიდან გამომდინარე ვაპირებთ ამ საკითხის გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში. ამ ბრალდებულის მიმართ სასამართლომ გამოიყენა თავისუფლების აღკვეთა 13 წლის ვადით, რაც შემცირდა 1/4-ით და შესაბამისად, სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად მის მიმართ გამოიყენეს თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 9 თვის ვადით“, – განაცხადა პროკურორმა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში ბრალდებულებს 10 წლითა და 6 თვით და 9 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეეფარდათ.