პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის
პროკურორი იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის პროკურორი თორნიკე ნადირაძე იმედს გამოთქვამს, რომ სააპელაციო სასამართლო დღეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას შეცვლის და გ.ბ-ს დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობს.

„დღეს კოლეგია გამოაცხადებს სარეზოლუციო ნაწილს. ბრალდებას აქვს მოლოდინი, რომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება შეიცვლება და ჩვენი საჩივარი, ჩვენი პოზიცია იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, იმ ნაწილში, რაც ეხება გ.ბ-ს მიერ დავით სარალიძის მკვლელობას. სასამართლომ არ იმსჯელა კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რაც გ.ბ-ს დანაშაულზე მიუთითებდა. ჩვენ ახალი მტკიცებულებები წარვადგინეთ და მიგვაჩნია, რომ ერთობლიობაში ეს მტკიცებულებები დაადასტურებს ბრალეულობას“, – აცხადებს თორნიკე ნადირაძე.

51-ე სკოლის მოსწავლეები დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასიკვდილოდ დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს.

მკვლელობის ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს. ორი მოზარდის მკვლელობიდან ექვსი თვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებულების ბრალი გადააკვალიფიცირა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, გ.ბ. მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ და 10 წელი და ექვსი თვე პატიმრობა მიუსაჯეს, ხოლო მეორე არასრულწლოვანი გ.ჯ. დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის ნაცვლად, მოსამართლემ სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში გაამტყუნა და ცხრა წელი და ცხრა თვე პატიმრობა შეუფარდა. სწორედ აღნიშნული განაჩენი გაასაჩივრა სააპელაციო წესით ორივე მხარემ.