პროკურორი გიორგი ქობულაძე - გიგი უგულავამ დაკითხვისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და ფიზიკური ტკივილი არ განუცდია
პროკურორი გიორგი ქობულაძე - გიგი უგულავამ დაკითხვისას განაცხადა, რომ ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და ფიზიკური ტკივილი არ განუცდია

მიმალვის საფრთხები ეფუძნება თუნდაც იმას, რომ დღეს არ გამოცხადდა ბრალდებული, მინიმუმ მის ადვოკატს მაინც შეეძლო გამოცხადებულიყო, რომელიც აყვანილი ჰყავდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ გიგი უგულავას საქმის პროკურორმა, გიორგი ქობულაძემ განუცხადა.

„სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა. შეუფარდა გირაო, თუმცა ოდენობის ნაწილში არ დაგვეთანხმა. შეუფარდა 2 000 ლარი. ასევე, მიმალვის საფრთხეებიდან გამომდინარე, დაავალა მას, საგამოძიებო ორგანოს ჩააბაროს პასპორტი და პირადობა. მიმალვის საფრთხები ეფუძნება თუნდაც იმას, რომ დღეს არ გამოცხადდა ბრალდებული და მინიმუმ მის ადვოკატს მაინც შეეძლო გამოცხადებულიყო, რომელიც აყვანილი ჰყავდა. მეორე ის, რომ წინა საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საქმე, იმ განჩინებაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ბრალდებული ცდილობდა მიმალვას მაშინ და თავის დროზე მიესაჯა პატიმრობა“, – განაცხადა გიორგი ქობულაძემ.

​მისი თქმით, საქმეში მტკიცებულებების სახით არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

„არის საექსპერტო დოკუმენტაცია დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ასევე, არის დაზარალებულის დაზიანებული სვიტერი, რომელიც კონფლიქტისას დაუზიანდა. 30 იანვარს დაინიშნა წინასასამართლო სხდომა და გამოძიებას ექნება კიდევ ვადა, მოიპ​ოვოს სხვა მტკიცებულებები. როდესაც დაიკითხა გიგი უგულავა, იგი ამბობს, რომ მას ჯანმრთელობის დაზიანება არ მიუღია და ფიზიკური ტკივილი არ განუცდია. მას საქმეში ოფიციალურად გამოკითხვისას არ დაუფიქსირებია. ვიდეოჩანაწერები იქნა ამოღებული და რაც შეეხება მის გამოხთოვას, არის კანონმდებლობის იმგვარი ჩანაწერი, რომ ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე არ გვაძლევს კანონმდებლობა უფლებას, გამოვითხოვოთ და საქმეზე იქნას დამაგრებული. თუმცა, ვეცდებით, სხვა კანონიერი გზებით გამოსავლის პოვნას, რისთვისაც შესაძლოა, ასევე მივმართოთ სასამართლოს შუამდგომლობითაც“, – აღნიშნა საქმის პროკურორმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „ევროპული საქართველოს“ წევრს, დეპუტატ გიგი უგულავას საგამოძიებო უწყებებისთვის პასპორტისა და პირადობის მოწმობის ჩაბარება დაევალა. მას ასევე შეეფარდა გირაო 2 000 ლარის ოდენობით, რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ 11 დეკემბერს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ. მომხდართან დაკავშირებით იმავე დღეს უგულავა და გაბაშვილი შსს-ში გამოიკითხნენ.

აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი, დაზარალებულადაა ცნობილი.

გიგი უგულავას სახაზინო ადვოკატი იცავს, რადგან დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე არ გამოცხადდა. ამის გამო სხდომა დაგვიანებით დაიწყო.