აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი
აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით წარედგინა, გოკა გაბაშვილი დაზარალებულადაა ცნობილი

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელ გიგი უგულავას ბრალი ძალადობის მუხლით (სსკ-ის 126 მუხლი) წარედგინა, გოკა გაბაშვილი კი დაზარალებულადაა ცნობილი. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

საუბარია აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რასთან დაკავშირებითაც უგულავა და გაბაშვილი დღეს შსს-ში გამოიკითხნენ.

ამასთან, საქართველოს პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ ინციდენტში მონაწილე კიდევ ორი პირიდან, რომლებსაც უგულავა და გაბაშვილი თავდასხმაში ადანაშაულებდნენ, ერთს ძალადობის მუხლით წარედგინა ბრალი, ხოლო მეორე დაზარალებულად არის ცნობილი.

გიგი უგულავას რამდენიმე წუთის წინ სახლში წაუყენეს ბრალი. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ინციდენტის მონაწილე ბადრი გავაშელაშვილი უჩივის. საქმეზე სასამართლო ხვალისთვის ჩაინიშნება.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.

დატოვე კომენტარი