აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა დასრულდა
აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა დასრულდა

„ევროპული საქართველოს“ წევრების, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილის გამოკითხვა შსს-ში დასრულდა. ისინი დღეს აეროპორტში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხეს.

გამოკითხვის შემდეგ, გიგი უგულავამ ინციდენტის დეტალები გაიხსენა.

„თავდასხმა მოხდა ყველაზე დაცულ ზონაში აეროპორტში, უკვე პასპორტის კონტროლის მიღმა. ადამიანები ცოტა იყვნენ. ნაცნობი ქალბატონი იჯდა ჩვენს მაგიდასთან, რომელიც სხვა რეისით მიდიოდა. ვსვამდით ყავას, ვსაუბრობდით აბსოლუტურად განყენებულ თემებზე. ამ დროს მოვიდა ვიღაც მუტრუკი, რომელმაც დაიწყო საუბარი კლასიკური ტექსტებით, რომელსაც ყოველდღე ვისმენთ მათი „ორკებისა“ და „ტიტუშკებისგან“.

ამის შემდეგ, მე ვუთხარი, რომ დაენებებინა თავი, ამასობაში მოვიდა მეორე ტიპი, უკვე კუნთიანი და დაიწყო ჩხუბი. ჩხუბი რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შემდეგაც, ორი წუთის მერე ჩადგა პოლიცია, ისინი წაიყვანეს და მას შემდეგ არც სახელს გვეუბნებიან და არც გვარს.

ბუნებრივია, არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ რაიმე გამოძიება ჩატარდება. პირდაპირ თქვა გამომძიებელმა, რომ არის მსუბუქი დანაშაული და ამის გამო კამერის ჩანაწერის ამოღების უფლება არ აქვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ გამოძიება სერიოზულად მაინც არ წარიმართება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

გოკა გაბაშვილის თქმით, მათ პოლიტიკური შინაარსის პრეტენზია წაუყენეს.

„ვისხედით აეროპორტის კაფეში, რა დროსაც მაგიდასთან მოვიდა ორი პიროვნება. იყო პოლიტიკური შინაარსის პრეტენზია, რომელიც იმ წამსვე გინებაში გადავიდა. ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი პირები იყვნენ. ხუთი საათია, პოლიციაში ვართ და ვითხოვთ, გვითხრან, ვინ იყვნენ. თუმცა, როგორც ჩანს, ლაგდება ვერსიები. ჩემთვის ცხადია, რაც მოხდა; არის ორი რამ, პირდაპირ მოგზავნილია – რაზეც მიუთითებს ის ზონა, სადაც შემთხვევა მოხდა. იქ სპეციალურად უნდა შეიყვანო ადამიანი, რადგან უკვე გავლილი გვქონდა საპასპორტო კონტროლი. მეორე არის გარემო, რომელიც ივანიშვილმა შექმნა. ეს არის აბსოლუტური დაუსჯელობის, თავდასხმის, ძალადობის გარემო, რომელიც ყოველდღიურად ხდება პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ყველა არის წახალისებული და მიცემული აქვს დაუსჯელობის გარანტია. პოლიცია რომ მოვიდა, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი, მაგრამ მათ მაინც მოუწიათ ჩარევა. დაკავებული იყო ორი პირი. ჩვენ მივდიოდით ლარნაკაში“, – აცხადებს გოკა გაბაშვილი.

გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ ლარნაკაში საქმესთან დაკავშირებით მიდიოდნენ.

„ჩვენ მივდიოდით რამდენიმე დღით მივდიოდი ლარნაკაში, გვქონდა რამდენიმე შეხვედრა არა საქართველოს მოქალაქესთან. საქმე ეხება ივანიშვილის საგმირო საქმეებს, მაშინ როცა ის რუსეთში იყო.

როგორც ჩანს ივანიშვილმა და მისმა „ოკრუგჩიკებმა“ ეს გაიგეს და მოაწყვეს ეს სამასხარაო ჩხუბი“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ დღეს „ფეისბუქში“ დაწერა, რომ მას და გოკა გაბაშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავს დაესხნენ.