პროკურორი - გამოძიება დაადგენს, რაში სჭირდებოდათ საბრძოლო მასალა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს
გამოძიება მიმდინარეობს იმის დასადგენად, რაში სჭირდებოდათ საბრძოლო მასალა თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურორმა ვასილ სამხარაძემ განუცხადა.
მისი თქმით,ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყეს გამოძიება, ახლა კი არკვევენ, რატომ ჰქონდათ ბრალდებულებს კანონსაწინააღმდეგო ნივთები.
თბილისში სპეცოპერაციისას დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.
ბრალდების მხარე აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატივად, 5000-ლარიან გირაოს სთავაზობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ორ სასტუმროში სპეცოპერაციის შედეგად უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, სასტუმროს ნომრების ჩხრეკისას ამოღებულია ბერეტას და მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით, რაც ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.