პროკურორი - დავით გარეჯის საქმეზე დაკითხულმა მოწმემ განაცხადა, რომ 1996 წელს შეთანხმდა გარკვეული მონაკვეთები, რომლის შეცვლაც არ განიხილებოდა, სამწუხაროდ, 2006 წელს შეთანხმება საქართველოს საზიანოდ შეიცვალა
თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე დღეს ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხა.
როგორც დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განაცხადა, აღნიშნული მოწმე 1996-1998 წლებში იყო სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის თავმჯდომარე და სასამართლოს სწორედ ამ პერიოდამდე არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, დღეს დაკითხული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანი იყო რამდენიმე ფაქტორის გამო.
„მოწმეს კომისიასთან შეხება აღარ ჰქონდა 1998 წლის შემდგომ. ამასთან, გარკვეული მონაკვეთები შეთანხმდა 1996 წელს და ეს შეთანხმება იყო საბოლოო და არსად ოქმებში არ ეწერა, რომ შეიძლებოდა ეს შეთანხმებები შეცვლილიყო. რეალურად, 2005, 2006, 2007 წლებში 1996 წელს შეთანხმებული მონაკვეთები კიდევ თავიდან შეთანხმდა და ხელმოწერა თავიდან მოხდა ამ შეთანხმებულ მონაკვეთებზე. ეს განსხვავდებოდა 1996 წელს არსებული შეთანხმებისგან, ანუ რეალურად ერთი და იგივე მონაკვეთი ბრალდებულებმა შეათანხმეს 1996 წელსაც და 2006 წელსაც და უკვე შეთანხმებულებიც კი განსხვავდებოდა და 2006 წელს, სამწუხაროდ, საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა ისევ.
მოწმემ ისაუბრა იმაზე, რომ რა მონაკვეთებიც შეთანხმდა 1996 წელს, ეს იყო დასრულებული სახით შეთანხმებული და არ განიხილებოდა მისი თავიდან განხილვა და კიდევ ერთხელ გადათანხმება. მას შეხება ჰქონდა 1998 წლამდე, მაგრამ რეალურად 2006 წელს რა მოხდა, ბუნებრივია, ვერ ეცოდინებოდა. რაც 1996 წელს მოხდა, იმაზე ისაუბრა. ფაქტობრივი მოცემულობა არის ის, რომ 1996 წელს შეთანხმებული მონაკვეთები თავიდან გადათანხმდა 2006 წელს ისევ საქართველოს საზიანოდ უკვე შეთანხმების ნაწილშიც კი და არა ზოგადად რუკებთან და პოზიციასთან რომ იყო საწინააღმდეგო“, – განაცხადა პროკურორმა.
მისივე თქმით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხია, რომ გარეჯთან დაკავშირებით მოწმის მიერ წარმოდგენილი იყო შესაბამისი მასალა და ცნობა, რომელიც ადასტურებდა ბრალდების პოზიციის მართებულობას.
„აქ მთლიანად გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციის ცვლილება არ განიხილებოდა საზღვრის ხაზის გამავლობაზე, მხოლოდ და მხოლოდ თეორიულად განიხილებოდა ტოლქმედი ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი. რეალურად მოხდა, რომ 2006 წელს 1996 წელს დატანილ პოზიციასთან წინააღმდეგობა მოხდა, ბრალდებულები შეეწინააღმდეგნენ საკუთარ თავს, საკუთარ პოზიციას და საქართველოს საწინააღმდეგოდ შეათანხმეს 100 მეტრის რადიუსში, ჩიჩხიტურამდე. პირდაპირ ფარულ აუდიო და ვიდეო მასალაში მითითებულია, რომ იყო იმ დროს არსებული განწყობების შესაბამისი და გარკვეულ გარემოებებზე დეტალურად ვერ ისაუბრებდა, ამას ამბობს თავად ბრალდებული ივერი მელაშვილი.
მოწმის ჩვენება რომ შევაჯამოთ, არის შემდეგი: მას 90-იანი წლების შემდგომ არანაირი შემხებლობა არ ჰქონია კომისიასთან, საუბრობს 90-იანებამდე მიმდინარე პროცესებზე. 1996 წელს შეთანხმდა გარკვეული მონაკვეთები, არ განიხილებოდა მისი შეცვლა. სამწუხაროდ, 2006 წელს უკვე შეთანხმებული კიდევ ერთხელ შეიცვალა და საქართველოს საზიანოდ შეთანხმდა. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ გარეჯისა და საქართველოს პოზიციის ცვლილება არ განიხილებოდა, რაც, სამწუხაროდ, 2006 წელს ბრალდებულებმა დავალების შესაბამისად შეცვალეს, საკუთარ თავს შეეწინააღმდეგნენ, საქართველოს ინტერესებსა და პოზიციას შეეწინააღმდეგნენ და ჩიჩხიტურის კოშკამდე 100 მეტრის რადიუსში შეათანხმეს ეს მონაკვეთი“, – განაცხადა პროკურორმა.
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შს სამინისტროს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა 2020 წლის 7 ოქტომბერს დააკავა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართული ქმედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. მელაშვილი და ილიჩოვა მათთვის წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.