პროკურორი - დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მაგრამ არასრულწლოვნებს სასჯელი შეუმცირდებათ
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, მარიკა გოგოხიას განცხადებით, სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი, რითაც ბრალდებულები გაასამართლეს, 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც გოგოხიამ განმარტა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით, ბრალდებულებს სასჯელი შეუმცირდებათ.
„დღეს გაიმართება სასჯელის დანიშვნის სხდომა. მუხლის იმ ნაწილისთვის, რა ნაწილითაც დამნაშავეებად ცნეს, გათვალისწინებულია 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ არასრულწლოვნებს სასჯელი ერთი-მეოთხედით შეუმცირდებათ“, – განაცხადა მარიკა გოგოხიამ.
ხორავას ქუჩაზე მომხდარ არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე სასამართლომ განაჩენი გუშინდელ სხდომაზე დაადგინა.
სასამართლოს განმარტებით, გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ. ცნობილი იქნა დამნაშავედ დამამძიმებელ გარემოებაში – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან დავით სარალიძის განზრახ მკვლელობის მცდელობაში. ამავე განაჩენით, წარდგენილ ბრალდებაში გ.ბ. , გ.ჯ.-სთან ერთად, უდანაშაულოდ იქნა ცნობილი დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში, ხოლო გ.ჯ მიერ ჩადენილი დანაშაული სასამართლოს მიერ დაკვალიფიცირდა როგორც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში.
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის პირველ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის მიუხედავად, 2 დეკემბერს საავადმყოფოში დაიღუპა.