პროკურორი ბექა ეჟიშვილი - დაკავებული დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის ოჯახის წევრებზე ზეწოლას გამოვრიცხავ
პროკურორი ბექა ეჟიშვილი საკრებულოს ყოფილი დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს. პროკურორი ამბობს, რომ ნეფარიძის შვილზე შესაძლო ზეწოლასთან დაკავშირებით, მოკვლევა გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო, თუმცა მალევე შეწყვიტა.
„გამოვრიცხავ ბრალდებულზე, ან მისი ოჯახის წევრზე ზეწოლას ან შანტაჟს, მსგავსი რამ არ ყოფილა. მრავალტომიან საქმეში არ არსებობს პირადი ცხოვრების ამსახველი არანაირი ვიდეო ჩანაწერი. მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია ემსახურება პასუხისმგებლობაზე თავის არიდებას. პროკურატურის გენერალურმა ინსპექციამ ჩემი სამსახურეობრივი საქმიანობის მოკვლევა დაიწყო და შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, მზად ვარ ნებისმიერ ქმედებაზე ვაგო პასუხი“, – აცხადებს ბექა ეჟიშვილი.
ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ზურაბ ნეფარიძის შვილმა განაცხადა, რომ მას მამის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ. ყოფილი დეპუტატის შვილის თქმით, ზეწოლა სუს-ის შენობაში ხორციელდებოდა და ამ პროცესს პროკურორი ბექა ეჟიშვილი ესწრებოდა.