პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ
პროკურორი - ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულებს სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ

ვინაიდან ორივე ბრალდებული არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, მათ დანიშნული სასჯელი შეუმცირდებათ ერთი მეოთხედით,- ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, მარიკა გოგოხიამ განაცხადა.

როგორც პროკურორი აცხადებს, მათთვის უცნობია, რაზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება საქმის მოსამართლემ.

„სასამართლომ დღეს გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება უშუალოდ კვალიფიკაციასთან და ბრალდებასთან მიმართებით. ორივე ბრალდებულის მიმართ გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი, თუმცა გარკვეული ცვლილებებით. ერთი ბრალდებული სასამართლომ გაამტყუნა სსსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, ხოლო მეორე არასრულწლოვანი კი 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

აღნიშნული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 13-დან 17 წლამდე ვადით, თუმცა ვინაიდან ორივე ბრალდებული არის არასრულწლოვანი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე მათ დანიშნული სასჯელი შეუმცირდებათ ერთი მეოთხედით. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, სასამართლომ გამოგვიცხადა მხოლოდ ეს გადაწყვეტილება, განაჩენის ეს ნაწილი.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცნობია, თუ რაზე დაყრდნობით გამოიტანა აღნიშნული გადაწყვეტილება და რომელ მტკიცებულებას არ დაეყრდნო და არ გაიზიარა, რაც ჩვენ მიერ იყო წარდგენილი სასამართლოს წინაშე. ჩვენ მიერ მოპოვებული, სასამართლოში წარმოდგენილი და გამოკვლეული იყო აბსოლუტურად ყველა უტყუარი მტკიცებულება, რომლითაც უტყუარად დასტურდებოდა ორივე ბრალდებულის მიერ მათთვის ბრალად შერაცხული დანაშაულებრივი ქმედებები.

სასამართლოს გადაწყვეტილება ამ ნაწილში არის ბუნდოვანი და გაურკვეველი, ვინაიდან მხოლოდ ნაწილი გამოცხადდა დღევანდელ სხდომაზე. მომავალში სასამართლო გადმოგვცემს დასაბუთებულ განაჩენს და შესაბამისად, მოგვიანებით გახდება ცნობილი, რა მტკიცებულება არ გაიზიარა სასამართლომ“,- განაცხადა პროკურორმა.

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული საბოლოო კვალიფიკაციებიდან გამომდინარე, აუცილებლად გასაჩივრდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში.