პროკურორი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე ბაჩალიაშვილის გარდა, სხვა პირის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არ არის
პროკურორი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე ბაჩალიაშვილის გარდა, სხვა პირის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არ არის

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანაზე თავად ბაჩალიაშვილის გარდა, სხვა პირის დნმ-ის კვალი აღმოჩენილი არ არის, – ამის შესახებ საქმის პროკურორმა დავით გუმბერიძემ განაცხადა.

„ექსპერტიზით დადგენილია ეს ფაქტიც, სხვა უცხო პირის გენეტიკური პროფილი, დნმ-ის შემცველი რაიმე ინფორმაცია ავტომანქანიდან ამოღებულ საგნებზე არ ფიქსირდება. ეს არის დასკვნით დადასტურებული, არც ავტომანქანაში, არც ამოღებულ ნივთებზე“,  – აღნიშნა გუმბერიძემ.

ამასთან, პროკურორის თქმით, გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

„საქმეზე ტარდება სრულყოფილი გამოძიება, ჯერ კიდევ ექსპერტიზის დასკვენები უნდა მივიღოთ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ ხდება მოწმეთა ბაზის დაკითხვა. ამ ყველაფრის ამოწურვის შემდგომ ჩვენ რა თქმა უნდა მივიღებთ შესაბამის, სამართლებრივ გადაწყვეტილებას ამ საქმეზე“, – განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება გარდაცვლილის ოჯახის მოთხოვნას სატელიტური ფოტოების ამოღების თაობაზე, პროკურორის თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურას კომუნიკაცია აქვს როგორც კერძო კომპანიის წარმომადგენელთან, რომელსაც გააჩნია სატელიტით ტერიტორიის გადაღების შესაძლებლობა, ასევე მეზობელ, ევროპულ ქვეყნებთან, საიდანაც პროკურატურა აღნიშნულ ფოტოებთან დაკავშირებით ინფორმაციას ელოდება.

„რაც შეეხება დრონის კადრებს, დრონის კადრები, რა თქმა უნდა, საქმეში მოიპოვება და არის. ამ ჩანაწერებს გაეცნო ოჯახის ადვოკატიც. შესაბამისად, შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ საქმეზე დრონის ჩანაწერები არსებობს. დრონის ჩანაწერები შეეხება კონკრეტულად იმ ტერიტორიებს, სადაც ვთქვათ, ვიდეოჩანაწერების მიხედვით დაფიქსირდა თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა და ასევე იმ მოწმეთა ჩვენებებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ნახეს თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს აღნიშნული ტერიტორიაზე. ის ადგილი, მაწევანი არის სხვა ტერიტორია, პერიოდულად ხდებოდა ყველა იმ მიმდებარე ტერიტორიის შესწავალა. შესაბამისად, კონკრეტულად ამ ადგილის ჩანაწერი დრონის ჩანაწერში არ ფიქსრდება“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ამ ეტაპისთვის მიღებული ექსპერტიზების შედეგები და მასთან შემხებლობაში მყოფი მტკიცებულებები გაასაჯაროვა.