პროკურატურაში დავით გარეჯის საქმეზე დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს
დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურაში პარლამენტის ყოფილი წევრის, დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოკითხვა მიმდინარეობს. როგორც ლორთქიფანიძემ საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, გამოძიებას ამ საქმისთვის მნიშვნელოვან მასალებს მიაწვდის, რომელიც თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს დანაშაულში ამხელს.
კერძოდ, ლორთქიფანიძის მტკიცებით, იმ პერიოდში, როდესაც აზერბაიჯანთან საზღვრები უკანონოდ თანხმდებოდა, კეზერაშვილმა თავდაცვის სამინისტროში დაიბარა 2005 წელს დახურული მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ზურაბ ბოჭორიშვილი და მას სთხოვა, მიეწოდებინა ინფორმაცია მნიშვნელოვანი კარტოგრაფიული და ტოპოგრაფიული მასალების ადგილმდებარეობის შესახებ.
როგორც ლორთქიფანიძე აცხადებს, ბოჭორიშვილმა განუმარტა, რომ ეს მასალები მიწათმოწყობის კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობის საცავში ინახებოდა. ამის შემდეგ კი, ლორთქიფანიძის მტკიცებით, კეზერაშვილმა საცავში გააგზავნა სამი პოლკოვნიკი, ეს მასალები შენობიდან გაიტანეს და გაანადგურეს.
დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადებით, აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებენ მოწმეები, რომელთა ნაწილი უკვე გამოიკითხა პროკურატურაში.