პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდების კვალიფიკაცია დაუზუსტდა, რაც დამძიმებას არ გულისხმობს
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი არ დამძიმებია.
როგორც საქართველოს პირველ არხს პროკურატურაში განუცხადეს, დაზუსტდა ბრალდების კვალიფიკაცია, რაც დამძიმებას არ გულისხმობს.
„ჩოგბურთელს 126-ე პრიმა მუხლის მეორე „ბე“ ქვეპუნქტით ედება ბრალი, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ“, – აცხადებენ პროკურატურაში.
ამასთან, დღეს ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის სათაურშიც აღნიშნული იყო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა, თუმცა ტექსტში არა ბრალის დამძიმებაზე, არამედ ბრალის დაზუსტებაზეა საუბარი: „საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა“.
ამასთან, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განმარტა, რომ სპორტსმენტის წინააღმდეგ მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა. „ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე“, – აღნიშნა ჭკადუამ.