ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს
ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ სპორტსმენის წინააღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა.​

როგორც ირმა ჭკადუა აცხადებს, ეს, ამერიკის ცინცინატის ღია პირველობამდე ორი დღით ადრე, მორიგი ფსიქოლოგიური ზეწოლაა მსოფლიოს 27-ე ჩოგანზე.

„დღეს მედიასაშუალებებით ნიკოლოზ ბასილაშვილის წინაღმდეგ, მორიგი აბსურდული ინფორმაცია გაავრცელეს ნელი დოროყაშვილის უფლებადამცველებმა, რაზეც, გვსურს, მცირე განმარტება გავაკეთოთ:

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საუბარი, ბასილაშვილის წინაღმდეგ „ბრალის დამძიმების“ შესახებ, არის მორიგი სპეკულაცია და ემსახურება სპორტსმენის იმიჯის შელახვას. გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ რეალურად, პროკურატურაში, ბასილაშვილის წინააღმდეგ, ბრალი დაზუსტდა და არ დამძიმებულა. რადგან გამოძიების პირველ ეტაპზე, წაყენებული ბრალის მოხედვით, ნიკოლოზ ბასილაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, დაზუსტებული ბრალის მიხედვით, ეს პატიმრობის ვადა ორ წლამდე შემცირდა. შესაბამისად, გაურკვეველია, რას გულისხმობენ, ბრალის დამძიმებაში ნელი დოროყაშვილის ადვოკატები.

რაც შეეხება, გენდერული და სხვა ნიშნით ძალადობას, აღნიშნული ბრალდება არის დამყარებული მხოლოდ ერთი ადამიანის – ნელი დოროყაშვილის ჩვენებაზე და არის მისი სუბიექტური შეფასება, რადგან საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ფიზიკური ან მორალური ძალადობის ფაქტს“, – აცხადებს ირმა ჭკადუა.

ამასთან, დღეს ნელი დოროყაშვილის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის სათაურშიც აღნიშნული იყო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალი დაუმძიმდა, თუმცა ტექსტში არა ბრალის დამძიმებაზე, არამედ ბრალის დაზუსტებაზეა საუბარი: „საქართველოს პროკურატურამ გაიზიარა „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მოთხოვნა და ნიკოლოზ ბასილაშვილის მიმართ გამოტანილი ბრალდების შესახებ დადგენილება დააზუსტა“.