პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სოფელ საღოლაშენში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სოფელ საღოლაშენში საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღოლაშენში, საკალმახე „ვილა ალგეთში“ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. მასში ჩართული იყო ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილიც.

ტერიტორიის შემოწმება ოჯახმა მას შედეგ მოითხოვა, რაც ჟურნალისტმა ელისო კილაძემ საქმის სავარაუდო ახალ დეტალებზე ისაუბრა. მისი ინფორმაციით, შესაძლოა, გარდაცვლილი პროგრამისტი გაუჩინარებამდე აღნიშნულ ლოკაციაზე იმყოფებოდა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, აღნიშნულ გარემოებაზე კიდევ ერთხელ გამოიკითხებიან გარკვეული პირები.

„ითქვა, რომ მოხდება ქალბატონ ელისოს კიდევ ერთხელ გამოკითხვა და გარკვეული ინფორმაციის მიწოდება გამოძიებისთვის და შესაბამისად, ალბათ კიდევ იქნებიან გარკვეული პირები გამოკითხული“, – აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლები საეჭვო გარემოებებზე საუბრობენ. საკალმახე „ვილა ალგეთიდან“ ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ამოიღო წნევის დამწევი პრეპარატის ანოტაცია, რომელიც პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეს ექსპერტიზის მიზნით დაურთო. პროკურორის განცხადებით, აღნიშნულ ლოკაციას არავითარი შემხებლობა არ აქვს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან, თუმცა მიუხედავად ამისა, საგამოძიებო მოქმედებები ყოველმხრივი და ობიექტური გამოძიებისათვის ჩატარდა.

„მოცემული ეტაპისთვის არანაირ შემხებლობაში არ არის საქმესთან, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვითვალისწინებთ ოჯახისა და ადვოკატების ინტერესებს. ამოვიღეთ ნივთები. დავნიშნავთ ექსპერტიზას, რამდენად მტკიცებულებითი ღირებულება გააჩნია, გამოჩნდება ექსპერტიზის დასრულების შემდეგ“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

ჟურნალისტ ელისო კილაძის მტკიცებით, „ვილა ალგეთის“ მეპატრონე „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი გიორგი ღარიბაშვილია. საგამოძიებო მოქმედებების დროს ადგილზე იმყოფებოდა მისი ძმა, თეიმურაზ ღარიბაშვილი. მისი თქმით, საკალმახედან შემთხვევის ადგილამდე ევაკუატორი შეუმჩნევლად ვერ გაივლიდა.

„ხელაღებით ადამიანებს მკვლელობა არ უნდა დააბრალო. აქედან იმ შემთხვევის ადგილამდე არის 7-8 კილომეტრი, სადაც დატვირთული ევაკუატორი ვერ გაივლის. თუ გაიარა, აუცილებლად უნდა გაიაროს სოფელი გოლთეთი. გოლთეთი არის 200-კომლიანი სოფელი. გინდ ღამე იყოს, გინდ დღე იყოს, შეუმჩნევლად ევაკუატორმა გაიაროს, უცხო მანქანამ რომ გაიაროს, ყველა ხედავს“, – განაცხადა თეიმურაზ ღარიბაშვილმა.