თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ხელახალი გამოძიების დაწყების მოთხოვნით განცხადება შეიტანეს.

მათი თქმით, საქმეში ახალი გარემოებებია, რაც ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა. ადვოკატების თქმით, ბაჩალიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.

„ვითხოვთ, თავიდან დაიწყოს საქმის გამოძიება, რომ ნათელი გახდეს, რასთან გვაქვს საქმე და როგორ იყო გამოძიება სპეციალურად ისეთი ფორმით წაყვანილი, რომ ყოფილიყო თვითმკვლელობის კვალიფიკაცია. შესაბამისად, ჩვენ უკვე ოფიციალურად ვითხოვთ, პროკურატურამ ხელმეორედ დაიწყოს გამოძიება, მიენიჭოს დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მოკლული თამარ ბაჩალიაშვილის მამას, ყველაფერი გაკეთდეს და ჩატარდეს ისე, როგორც სამართლიან და ნორმალურ კანონიერ ქმედებას ახასიათებს. პირველი დღიდან საქმეში არსებული ყველა ქმედება და ის, რაც ჩვენ მიერ საგამოძიებო მოქმედებებისას იქნა მოპოვებული, არათუ ეჭვს ბადებს, პირდაპირ ადასტურებს თამარის მკვლელობას“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

საქართველოს პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ ოფიციალური განცხადება 2020 წლის 17 დეკემბერს გაავრცელა.