პროკურატურა - წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა
პროკურატურა - წყალტუბოში პროკურორმა მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და რამდენჯერმე უმისამართოდ გაისროლა

საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში პროკურორ გ.შ.-ს მიერ მოქალაქე გ.მ.-ს სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, – ამის შესახებ განცხადებას მთავრი პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოში გ.შ-მ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე გ.მ.-ს, რა დროსაც გ.შ.-მ ასევე ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე უმისამართო გასროლა განახორციელა. კონფლიქტის შედეგად გ.მ.-მ მიიღო სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება.

მთავარი პროკურორის 2018 წლის 27 აგვისტოს ბრძანებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გ.შ. თანამდებობიდან გადაყენებულია .

„გ.შ.-ს მიერ დანაშაულის ჩადენის დამტკიცების შემთხვევაში, ფაქტს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და გატარდება კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება. ამის გარდა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება პროკურორისთვის შეუფერებელი საქციელის ჩადენის ფაქტზე“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.